რუსეთი ბირთვულ მუქარას განაგრძობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა “ტელეგრამზე” განაცხადა, რომ თუ რუსეთი ომში დამარცხდება, ეს ბირთვულ ომს გამოიწვევს.
მედვედევმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა, განაცხადა, რომ „ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული“.
მედვედევმა თქვა, რომ ნატოს და სხვა ლიდერებმა, რომლებიც პარასკევს გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ხვდებიან, უნდა იფიქრონ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის რისკებზე.
გარდა მედვედევისა, ბირთვულ ომზე მინიშნება გააკეთა რუსეთის პატრიარქმაც. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა, რომ რუსეთის განადგურების მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს.
პატრიარქმა კირილემ თქვა: „ვევედრებით უფალს, რომ შეშლილები გონს მოიყვანოს და დაეხმაროს მათ გაიგონ, რომ რუსეთის განადგურების ნებისმიერი სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს“. „დღეს საგანგაშო დროა“, – ციტირებს მას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA. „მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უფალი არ დატოვებს რუსულ მიწას”, – აღნიშნა მან.
ამასთან, პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები რაც შეიძლება მალე “გამოფხიზლდნენ”.
“იმედი მაქვს, რომ გამოფხიზლების დრო დადგება”, – განაცხადა ლავროვმა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კოლეგები ნატოდან და ევროკავშირიდან რაც შეიძლება მალე გამოფხიზლდნენ“, – დასძინა მან.
პუტინი უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ დასავლეთთან ეგზისტენციალურ ბრძოლას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას საკუთარი თავისა და ხალხის დასაცავად.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მედვედევმა არაერთხელ წამოიწია ბირთვული ომის საფრთხე, მაგრამ მისი ახალი აღიარება, რუსეთის დამარცხების შესაძლებლობის შესახებ, მიუთითებს მოსკოვის შეშფოთების დონეზე უკრაინაში, დასავლური იარაღის გაზრდილი მიწოდების გამო.
კითხვაზე, მიუთითებს თუ არა მედვედევის განცხადებები, რომ რუსეთი ამძაფრებს კრიზისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „არა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს ამას“.
მისი თქმით, მედვედევის შენიშვნები სრულად შეესაბამება რუსეთის ბირთვულ დოქტრინას, რომელიც იძლევა ბირთვული დარტყმის საშუალებას “რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტრადიციული იარაღით აგრესიის შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება”.