კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი.
ადმინისტრაციის მიერ დღეს დილით გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა ირანული დრონები Shahed.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. რამდენი დრონი გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, დაკონკრეტებული არ არის.
უკრაინაში დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
განგაში ჯერ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამოცხადდა და შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა კიევის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და დონეცკის ოლქები.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 04:50 საათისთვის შეწყდა.