
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აფუძნებენ მოძრაობას “სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ” და უერთდებიან იმ აქციებს, რომელიც დედაქალაქის ცენტრში იმართება. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში, ითხოვენ რექტორმა და აკადემიური საბჭოს წევრებმა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება “რუსულ კანონზე”.
“ჩვენ ცალსახად და ხმამაღლა ვაფიქსირებთ ჭეშმარიტ პოზიციას, რომ ეს კანონპროექტი დგას ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიული, ევროპული საქართველოს წინააღმდეგ, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, აკნინებს მედიას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს აყენებს აუნაზღაურებელ ზარალს.
მაშინ, როცა სტუდენტები სრულიად იგნორირებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან; მაშინ, როცა სტუდენტებს უჭირთ მძიმე რეალობაში საკუთარი შესაძლებლობა სრული რეალიზება, სამოქალაქო საზოგადოება და მედია მუდამ მედგრად იდგნენ ჩვენ გვერდით. გვიზიარებდნენ შესაძლებლობებს და ღიად გვიჭერდნენ მხარს. დღეს კი დროა, ჩვენც ვიმოქმედოთ მათთვის ისე, როგორც საკუთარი თავისთვის.
ამასთანავე გვჯერა, როდესაც ქვეყანას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და ამავდროულად, ღიად აცხადებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილს, შინაარსობრივად რუსული კანონის ინიციირება, არათუ განხილვა წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუციური წეს-წყობილების დევიაციას”, – თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
სტუდენტების მოძრაობამ “რუსული კანონის მოსალოდნელ საფრთხეებზე” სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ მსვლელობა დაიწყეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით.