ჰამასი – რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – 30 აპრილს შეისწავლის ისრაელის წინადადებას ღაზის სექტორში 40 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებაზე, ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევისას მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
კაიროში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჰამასის დელეგაცია კატარში დაბრუნდა. ანონიმურობის დაცვის პირობით ჰამასის წყარომ სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ ჯგუფი “განიხილავს იდეებს და წინადადებას… გვსურს რაც შეიძლება სწრაფად გავცეთ პასუხი”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წინადადებას “არაორდინარულად გულუხვი” უწოდა.
“ჰამასის წინაშეა წინადადება, რომელიც არაორდინარულია, არაორდინარულად გულუხვი ისრაელის მხრიდან” – თქვა ბლინკენმა 29 აპრილს ალ-რიადში.
“ღაზის ხალხსა და ცეცხლის შეწყვეტას შორის ერთადერთი, რაც დგას, არის ჰამასი. მათ უნდა გადაწყვიტონ და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ” – თქვა ბლინკენმა და დასძინა: “ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”.
სააგენტო როიტერსი მოლაპარაკების მსვლელობაში გათვიცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის წინადადება ითვალისწინებს შეთანხმებას 40-ზე ნაკლები მძევლის გათავისუფლებაზე იმ დაახლოებით 130 მძევლიდან, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩებიან – ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა უნდა იყოს “შენარჩუნებული სიმშვიდის პერიოდი” – ანუ ისრაელის კომპრომისული პასუხი ჰამასის მოთხოვნაზე მუდმივი ზავის შესახებ.
7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მძევლად აიყვანეს 253 პირი, ისრაელის მონაცემებით იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც 34 500-მდე პალესტინელი შეეწირა – ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ცნობით.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.