თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ იგი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
“გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – წერს მუმლაძე.
საქმე ეხება 2021 წლის აპრილის საქმეს, რა დროსაც მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს. მაშინ, იგი გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია, როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს.
მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.