ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის დაპყრობა სურდა, ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით და ქვეყანა ამ ომიდან გაძლიერებული გამოვა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ხალხი ევროკავშირში ადგილისთვის მიისწრაფვის.
“ისტორია მოძრაობაშია. პუტინს რუსეთისთვის უკრაინის დაპყრობა სურდა, მისი გათვლებით, ამას ევროკავშირი მიიღებდა, ამის ნაცვლად, უკრაინა მამაცურად შეეწინააღმდეგა და პასუხს სცემს. ჩვენ ევროპაში სამართლიანად და ურყევად ვდგავარ უკრაინის მხარეს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი, უკრაინა ამ ომიდან გაძლიერებული გამოვა. ხალხის დიდი მასები ევროპის დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა და საქართველოში, სადაც მტკიცედ მიისწრაფვიან ევროკავშირში ადგილისთვის. დასავლეთი ბალკანეთი და კავშირი სულ უფრო და უფრო ახლოვდებიან, ესაა მომენტი, რომლის გამოყენებაც საჭიროა უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად“, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.