2019 წლის ივნისში შოკი გამოიწვია პენტაგონის მთავარი სადაზვერვო უწყების დირექტორის განცხადებამ რუსეთისა და მისი ბირთვული პროგრამების შესახებ: მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოცდებს აწარმოებს.
„აშშ-ის მთავრობა, მათ შორის სადაზვერვო სამსახურები, მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთმა ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდები, რასაც ბირთვული სიმძლავრის წარმოშობა მოჰყვა,“ განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ ეშლიმ.
ჩინეთსაც შეუძლია საკუთარი გამოცდების წარმოება, დასძინა ეშლიმ. მისი თქმით, ჩინეთი, როგორც ჩანს იყენებს „ნულოვანი სიმძლავრის“ მეთოდებს, რომელთა დროსაც არ ხდება რეალური ატომური აფეთქება – ჯაჭვური რეაქცია.
ექვსი წლის შემდეგ შეერთებული შტატები და რუსეთი ახალი გამალებული შეიარაღების ზღვარზე აღმოჩნდნენ. კრემლი ტრაბახობს ახალი სუპერიარაღის შექმნით, რომელსაც ბირთვული მუხტის ტარება ძალუძს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი იმუქრება, რომ აშშ განაახლებს ბირთვულ გამოცდებს.
„გამოცდებს ატარებენ რუსეთიც და ჩინეთიც, მაგრამ ისინი ამის შესახებ არ ლაპარაკობენ,“ განაცხადა ტრამპმა CBS News-ისთვის 31 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში. „არა, ჩვენ ჩავატარებთ გამოცდებს, ვინაიდან ისინი ატარებენ გამოცდებს და სხვებიც აკეთებენ ამას“.
მან ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა 5 ნოემბერს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც სპეციალურად ეძღვნებოდა ამ საკითხს. „იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნები სატესტო პროგრამებს ატარებენ, თავდაცვის სამინისტროს დავავალე, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა,“ თქვა ტრამპმა.
მტკიცება, რომ რუსეთი და ჩინეთი გამოცდებს ატარებენ, დავის საგანია. ასეა თუ ისე, ამ მუქარას კრიტიკა მოჰყვა მოსკოვის მხრიდან და მოწონება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მომხრეთა მხრიდან, არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ იარაღის კონტროლის მომხრეები საგონებელში ჩავარდნენ.
იარაღის კონტროლის სფეროში მოქმედი ხელშეკრულებების – საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების, ანტისარაკეტო სისტემების შეზღუდვის ხელშეკრულების, ღია ცის შესახებ ხელშეკრულებისა და New START-ის ჩავარდნის ან დასუსტებიდან წლების შემდეგ New START-ის მომხრეები შიშობენ, რომ შემდეგი დოკუმენტი შეიძლება იყოს ბირთვული გამოცდების აკრძალვის გლობალური ხელშეკრულება.
რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს მზადება ბირთვული იარაღის გამოცდისთვის არქტიკაში, ახალი მიწის არქიპელაგის პოლიგონებზე.
ხომ არ დაიბენით მთელს ამ ხელშეკრულებებში? არ იცით, რა არის „ბომბის სიმძლავრე“? პასუხები ქვევით შეგიძლიათ წაიკითხოთ.
გამოცდები, გამოცდები
შეერთებულმა შტატებმა ურანის ან პლუტონიუმის იზოტოპის დასაშლელად და ბირთვული ჯაჭვური რეაქციის გამოსაწვევად თავისი არსენალის ასაფეთქებელი ნივთიერებები ბოლოს 1992 წელს გამოიყენა ნევადის მტვრიან ლანდშაფტში. ეს იყო არა სოკოსებრი ღრუბელი, როგორც ფილმებში ხედავთ ხოლმე – ისინი 1960-იან წლებში გავიდა მოდიდან ხელშეკრულების საფუძველზე – არამედ მიწისქვეშა აფეთქება.
მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ბოლო ტესტი? ეს 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე მოხდა ახალ მიწაზე. პეკინმა ტესტი 1996 წელს ჩაატარა, ლოპ ნურში, სინძიანის პროვინციის დასავლეთით მდებარე ქარიან ტერიტორიებზე.
იმავე წელს ძალაში შევიდა ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულება (CTBT). მას შემდეგ მხოლოდ პაკისტანმა და ინდოეთმა ჩაატარეს მსგავსი კრიტიკული ტესტები, ხოლო ჩრდილოეთმა კორეამ ექვსი ჩაატარა, ბოლო – 2017 წელს.
ზოგადად ბირთვული ტესტები, რომლებიც მოიცავს რღვევადი მასალის რეალურ აფეთქებებს, შედარებით ადვილი აღმოსაჩენია.
სეისმური მონიტორინგის მაღალმგრძნობიარე მოწყობილობებს, როგორებითაც, მაგალითად, მიწისძვრების მონიტორინგს აწარმოებენ, შეუძლიათ დააფიქსირონ მიწისქვეშა აფეთქებიდან მიღებული დარტყმითი ტალღები. და ათწლეულების განმავლობაში ყველა ტესტი სწორედ მიწისქვეშ ტარდებოდა. დახვეწილი „ყნოსვით“ აღჭურვილ თვითმფრინავებს შეუძლიათ ატმოსფეროში მოტივტივე რადიოაქტიური იზოტოპების დაფიქსირება, რაც ბირთვული დეტონაციის ნიშნებია.
არაკრიტიკული. კრიტიკული. ზეკრიტიკული
ცივი ომის და სსრკ-ამერიკის გამალებული შეიარაღების დასრულებამ გამოიწვია ბირთვული არსენალების მნიშვნელოვნად შემცირება და ბომბების დაგეგმვისა და ასაგებად საჭირო ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების შეკვეცა.
ყველა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი არსენალები ისევე გამანადგურებელია, როგორ ამას მათგან მოელიან. ამიტომ ტესტირება გრძელდება, ოღონდ არა სოკოსებური ღრუბლისებური ფორმით. CTBT-ით დაშვებულია არაკრიტიული გამოცდები, რომელთა დროს ფეთქებადი ნივთიერებები და გახლეჩადი მასალები კი გამოიყენება, მაგრამ არ ხდება თავად დეტონაცია ბირთვის გასახლეჩად. მკვლევრები სუპერკომპიუტერებს და მძლავრ ლაზერებს იყენებენ ტესტებისთვის ან გახლეჩის რეაქციის იმიტაციისთვის.
ახალი ტესტების შესაძლებლობაზე ტრამპმა პირველად სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა, სანამ სამხრეთ კორეაში შეხვდებოდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. მან ეს საკითხი მოგვიანებით, CBS News-თან ინტერვიუში განავრცო.
აშშ-ის ხელისუფლებამ შეინარჩუნა საცდელი პოლიგონი ნევადაში, სადაც გაგრძელდა სუბკრიტიკული ექსპერიმენტები. თუმცა, შეუძლებელი ბირთვის დაუყოვნებელი სრულმასშტაბიანი გახლეჩა.
„აშშ ვერ შეძლებდა გამოცდის ჩატარებას დღეებში ან კვირებში, მაგრამ გამოცდის დეტალებისა და შედეგების დიაგნოსტიკის მიხედვით შევძლებდით გამოცდების განახლებას რამდენიმე თვეში ან წელში“, განაცხადა ჯილ ჰრუბიმ, ნიუ-მექსიკოში, სანდიას ეროვნული ლაბორატორიების ყოფილმა დირექტორმა და ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელმა. NNSA პასუხისმგებელია აშშ-ის ბირთვული არსენალის შენახვისა და გამოცდისთვის.
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრისტოფერ რაიტმა, რომლის უწყებაც კურირებს NNSA-ს, მოგვიანებით განმარტა ტრამპის სიტყვები.
„ჩემი აზრით, ტესტები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, სისტემური ტესტებია,“ თქვა რაიტმა 2 ნოემბერს Fox News-ის ეთერში. „ეს არ არის ბირთვული აფეთქებები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ არაკრიტკულ აფეთქებებს“.
ჰრუბის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს წინა ტესტებით, ასევე ლაბორატორიული გამოცდებითა და სუბკრიტიკული ექსპერიმენტებით მოპოვებული საკმარისი მონაცემები, რაც, ერთ-ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდები არ განახლდეს.
„გარდა ამისა, თუკი გამოცდებს დავიწყებთ, ცხადია, სხვებიც განაახლებენ ან დაიწყებენ ტესტებს,“ თქვა მან. „გამოცდების განახლების შემდეგ, ჩემი აზრით, სავარაუდოა, რომ შეისწავლიან მოწყობილობათა ახალ ტიპს, რაც გამალებულ შეიარაღებას უფრო გააძლიერებს“.
„დაბოლოს, მართალია, გამოცდები შეიძლება უსაფრთხო იყოს, მაინც შეიძლება მოხდეს ავარიები. ჩემი აზრით, უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ფართომასშტაბიან ბირთვულ გამოცდებს სარგებელი არ მოაქვს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიისა და კაცობრიობისთვის,“ თქვა მან.
გამოცდები რეალურ პირობებში
აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური მოხსენება იმ ქვეყნების შესახებ, რომლები ასრულებენ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ განვლილ წლებში რუსეთი ბირთვული იარაღის „ზეკრიტიკულ“ გამოცდებს ატარებდა, მაგრამ ამის შესახებ არ შეატყობინა აშშ-ს ან სხვა ქვეყნებს, როგორც ამას ითხოვს 1974 წლის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით იზღუდება ასევე მიწისქვეშა აფეთქებების სიმძლავრე.
„შიშები კვლავაც რჩება წარსულში მომხდარი ამ მოქმედებების გამო, ასევე გაურკვევლობისა და გამჭვირვალობის არარსებობის გამო ახალ მიწაზე რუსეთის საქმიანობის გამო,“ ნათქვამია ანგარიშში.
ფართო გაგებით ტერმინი „ზეკრიტიკული“ ეხება ატომის გახლეჩის რეაქციას, როცა იზოტოპი იხლიჩება და სრულმასშტაბიან ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. „არაკრიტიკულსა“ და „კრიტიკულამდელს“ ეს არ ეხება.
ვაშინგტონში, მოსკოვში თუ პეკინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების ქორებისთვის მსოფლიო შეიცვალა. ჩინეთი, რომელიც არ არის ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი New START-ის ხელშეკრულებით, რომელსაც მალე ეწურება ვადა, თავის არსენალს აფართოებს. კრემლი თავისი არსენალის მოდერნიზაციას ახდენს და განავითარებს ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, როგორებიცაა „სარმატი“, და სხვა სახეობის იარაღს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ, როგორებიცაა „ბურევესტნიკი“ და „პოსეიდონი“, რაც არაორაზროვანი სიგნალია.
ტრამპის კომენტარებიდან რამდენიმე დღეში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა X-ში დაწერა, რომ ტრამპი „მართალი იყო“ ჩინეთისა და რუსეთის გამოცდების თაობაზე.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს ტექნიკური და რიცხობრივი უპირატესობა ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ ბირთვულ არსენალთან შედარებით,“ დაწერა შარშან Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რობერტ ო’ბრაიენმა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოსტი ეკავა ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. „ამისთვის ვაშინგტონმა 1992 წლიდან პირველად უნდა გამოცადოს ახალი ბირთვული იარაღის სანდოობა და უსაფრთხოება რეალურ პირობებში და არა მხოლოდ კომპიუტერული მოდელების მეშვეობით“.
„თუ ჩინეთი და რუსეთი განაგრძობენ შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებში კეთილი ნებით მონაწილეობას, შეერთებულმა შტატებმა უნდა განაახლოს ურან-235-ისა და პლუტონიუმ-239-ის წარმოება, რომლებიც ბირთვული იარაღის ძირითადი გახლეჩვადი იზოტოპებია,“ დაწერა მან.
ო’ბრაიენმა არ უპასუხა კომენტარის თხოვნას, რომელიც ვაშინგტონში გავგზავნეთ მის ფირმაში. მოსკოვში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს ტრამპის დაპირება გამოცდების განახლების შესახებ და უარყვეს იმაში ბრალდება, რომ ისინი ფაქტობრივად ატარებდნენ ბირთვულ გამოცდებს.
კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, პუტინმა გაიმეორა ბელოუსოვის სიტყვები და ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ წინადადებები „ბირთვული იარაღის გამოცდების მომზადებაზე მუშაობის შესაძლო დასაწყისის“ შესახებ. მაგრამ მან ამავე დროს განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს CTBT-ის დარღვევას.
თუკი ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც ჩაატარებს სრულმასშტაბიან გამოცდებს, ამით ის ალბათ მოახდენს საკუთარი გამალებული რბოლის პროვოცირებას, ვინაიდან სხვა ქვეყნები, პირველ რიგში ჩინეთი, შეეცდებიან, განაახლონ გამოცდები. ეს CTBT-ს სრული კრახით უქადის. რუსეთმა 2023 წელს გააუქმა ხელშეკრულების ხელმოწერა. ვაშინგტონმა მას ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიკაცია არ გაუკეთებია. ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოდიოდა მოწოდებით, გაეუქმებინათ ხელმოწერა. ჩინეთმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიკაცია არ გაუკეთებია.
„აფეთქებებით ტესტირება სხვა ქვეყნებსაც გაუხსნიდა გზას იმავეს გაკეთებისკენ. მათ იმდენი გამოცდა არ ჩაუტარებიათ, რამდენიც აშშ-ს და აფეთქებებით ტესტირებით ისინი უფრო მეტ სარგებელს მიიღებდნენ,“ თქვა ჩერილ როფერმა, ბირთვული სფეროს მეცნიერმა და ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის ყოფილმა თანამშრომელმა. ეს ის ლაბორატორიაა, სადაც აშშ-ის მკვლევრებმა ბირთვული იარაღი შექმნეს 1940-იან წლებში.
სრულმასშტაბიან განახლება სავარაუდოდ ასევე საფრთხეს შეუქმნის New START-ის ხელშეკრულებას, რომელიც ზღუდავს რუსეთისა და ამერიკის ბირთვული არსენალების მოცულობას, მიაჩნიათ ექსპერტებს. ამ ხელშეკრულებას მომავალ წელს ეწურება ვადა და ჯერჯერობით არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს მის გასაგრძელებლად.
სექტემბერში პუტინი გამოვიდა წინადადებით, ხელშეკრულების პირობების დაცვა გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით, მას მერე, რაც მისი მოქმედების ვადა ამოიწურება თებერვლის დამდეგს. თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ მზად არის ასეთი ნაბიჯისთვის.
https://gdb.rferl.org/68c12589-0e10-4f2a-ac32-ae035fe07609_cx14_cy25_cw85_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/33583371.html