საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მიღებაც. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე მან Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
“ვფიქრობ, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით და არა აუცილებლად წმინდად პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი აქამდე იყენებდა. ერთი რამ ის არის, რომ, ეს ჩემი რწმენაა. მე ერთ-ერთი კრიტიკოსი ვარ შიდა რეფორმების ნაკლის ან სწრაფი მოძრაობის ნაკლებობის იმ მიმართულებებით, რითაც უნდა მივდიოდეთ წინ. ნათელია, რომ ჩვენ უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველო ვერ მისცემს თავს უფლებას კანდიდატის სტატუსზე მეორედ მიიღოს უარი და ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ, რადგან ეს რუსეთისთვის გაგზავნილია, სტრატეგიული მესიჯია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.