
„უკრაინას თქვენგან სჭირდება მეტი მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, რათა წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. დადგა დრო, რომ დაიცვათ უკრაინა და მისი თავისუფლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 იანვარს გერმანიის რამშტაინში დაწყებული საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის მონაწილეებისადმი თავის ვიდეომიმართვაში.
შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ ამ ჯგუფში 50-ზე მეტი ქვეყანა შედის. 20 იანვრის სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს, განიხილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის გადაცემის საკითხი.
შეხვედრის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დადგა “გარდატეხის მომენტი” და მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ამ პაკეტში პირველად იქნება საბრძოლო ჯავშანმანქანები Stryker.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრის წინა დღით ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “ტალინის დეკლარაციას”, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიას.