ამერიკელი ნევროლოგი ემანუელ ლახანი ერთ-ერთია, ვინც ცენტრ “ემპათიის” დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა. სხდომაზე ჩართვისას ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვების პასუხად მან ცალსახად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის “სერიოზული დაავადებები” ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
ექსპერტმა ჩამოთვალა ის დიაგნოზები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს და თქვა, რომ პაციენტი მძიმედ არის ავად:
“გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები, მას აქვს დაუზუსტებელი დემენცია, ტემპერატურის და წნევის სწრაფი ცვლილება, მნიშვნელოვნად გამოხატული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სახეზეა პოლიფარმაცია – მრავლობითი წამლების დანიშვნის შემთხვევა – კუნთების მნიშვნელოვანი განლევა”.
გარდა ამისა, ემანუელ ლახანმა მიხეილ სააკაშვილის ძველი და ახალი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ ციხეში მოთავსებამდე, იგი ნევროლოგიურად “აბსოლუტურად ჯანმრთელი” იყო:
“მას ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადო დონეზე და შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. სახეზეა მისი შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება დაპატიმრების შემდეგ, რაც მე ვნახე დოკუმენტებში, ასევე ეს მე გამოვავლინე მისი გასინჯვის დროს”.
ნევროლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქრონიკული დაავადებები ქმნიან უცაბედი სიკვდილის საშიშროებასაც:
“განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუკი მას სწორად არ უმკურნალებენ. გასინჯვის დროს მე დავინახე, რომ ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.
რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორებიცაა საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ. როგორც მე ვნახე, ბოლო 8 თვეში დემენციასთან დაკავშირებით მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა და გამომდინარე იქიდან, რომ მას სწორად არ მკურნალობენ, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ იგი გამოჯანმრთელდეს”.
ნევროლოგმა “არაადეკვატური” უწოდა მკურნალობის იმ კურსს, რასაც მიხეილ სააკაშვილს ახლა და აქამდე უტარებდნენ.
“ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ჯანმრთელი იყო?” – რა აინტერესებდა პენიტენციურ სამსახურს
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ნევროლოგს კითხვები დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ძველ, პატიმრობამდელ დიაგნოზებზე. მათი თქმით, სააკაშვილი არც ციხეში მოხვედრამდე ყოფილა “სრულად ჯანმრთელი”.
უწყების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ჰკითხა, საიდან ჰქონდა “ასეთი მწირი” ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დასკვნაში დაწერა, რომ “მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე ჯანმრთელი იყო”.
ამაზე ნევროლოგმა უპასუხა, რომ ინფორმაცია მიიღო როგორც ქართულ-ამერიკული იურიდიული გუნდისგან, ისე ცენტრ “ემპათიისგან”, ასევე განიხილა ყველა სამედიცინო ჩანაწერი.
მალხაზ ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის ძველი სამედიცინო ისტორიიდან დიაგნოზები ამოიკითხა.
“დოკუმენტაციაში დევს, რომ 3-4 წლის ასაკში გადატანილი აქვს მენინგოენცეფალიტი. 2012-13 წლებში მიღებული აქვს ტრავმები თბილისში, თურქეთში. 2017 წელს გაკეთებული აქვს სლივ-გასტრექტომია. ამ ოპერაციის მიზანი იყო რეზისტენტული, პათოლოგიური სიმსუქნის მე-3 ხარისხის მკურნალობა”, – თქვა ურთქმელიძემ და ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა ამ ფაქტების შესახებ?
“მე სრულად ვარ ინფორმირებული მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის შესახებ”, – უპასუხა ემანუელ ლახანმა და ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას სხვა შემთხვევებზეც უამბო, თუმცა არ ჩათვალა, რომ ნევროლოგიურად ისინი მნიშვნელოვანი იყო.
ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელსა და ამერიკელ ნევროლოგს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
მალხაზ ურთქმელიძე: 2022 წელს [სააკაშვილს] დაესვა ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი, 2021 წელს შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს… იცოდით ამათზე?
ნევროლოგი: დიახ, ვიცი, რადგან ხელი მოვაწერე “ემპათიის” დასკვნას, სადაც ეს ეწერა.
მალხაზ ურთქმელიძე: იცოდით და მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი იყო ჯანმრთელი? არა პრაქტიკულად ჯანმრთელი, არამედ უაპელაციოდ ჯანმრთელი?
ნევროლოგი: დიახ, აბსოლუტურად, ნევროლოგიური თვალსაზრისით [სააკაშვილი] იყო ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა დემენცია, მას არ ჰქონდა კრუნჩხვები და არ ჰქონდა პოლინევროპათია.
მალხაზ ურთქმელიძე: თვლით თუ არა, რომ როდესაც ადამიანი არის სრულად ჯანმრთელი, ის არის სრულად ჯანმრთელი. მხოლოდ ნევროლოგიურით არ განისაზღვრება სრულად ჯანმრთელობა?
ნევროლოგი: აბსოლუტურად სრულად ჯანმრთელი არავინ არ არის…
მალხაზ ურთქმელიძე: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ითვლება, რომ ჯანმრთელი იყო?
ნევროლოგი: დიახ, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანია, რომელიც იღებს ამ ტიპის პრეპარატებს.
მალხაზ ურთქმელიძე: ანუ ფიქრობთ, რომ შფოთვითი დეპრესია აქვს და არის ჯანმრთელი?
ნევროლოგი: თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რასაკვირველია, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ [ადამიანი] შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.
მალხაზ ურთქმელიძე: ყოჩაღ, კარგია.
პროცესზე ექსპერტ ემანუელ ლახანს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა ჰკითხა, მიხეილ სააკაშვილის რა ფსიქოტრავმებზე საუბრობს იგი თავის დასკვნაში.
“ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე”, – უპასუხა ექსპერტმა და განმარტა, რომ ამის დამადასტურებლად, როგორც ექსპერტებს, გადაეცათ დასკვნები და ვიდეომტკიცებულებები.
ნიკა აბრამიშვილი: წარსული ფსიქოტრავმების შესახებ თუ იცით?
ნევროლოგი: ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რაც მან ციხის პირობებში მიიღო.
ნიკა აბრამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინაში შეიძლება თუ არა ყოფილიყო სტრესული?
ნევროლოგი: დიახ.
ნიკა აბრამიშვილი: დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვა ასევე შეიძლება თუ არა იყოს სტრესი?
ნევროლოგი: რასაკვირველია, ეს სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი არაა ტრავმული. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა… ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, [დასკვნის დაწერისას] მე ვეყრდნობოდი ობიექტურ ინფორმაციას, რაც მომაწოდეს.
პენიტენციური სამსახურის კითხვები ასევე ეხებოდა ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღების სანდოობას. ნიკა აბრამიშვილმა ამერიკელ ნევროლოგს გამოჰკითხა, ესწრებოდა თუ არა იგი მიხეილ სააკაშვილის ანალიზებისთვის ნიმუშების აღების პროცესს და დაილუქა თუ არა შემდეგ ნიმუშების პაკეტი. ემანუელ ლახანის თქმით, ნიმუშები თავად აიღო, პაკეტი პროტოკოლის შესაბამისად დალუქა და ფოტოც გადაუღო.
ნიკა აბრამიშვილი: ნიმუში ლაბორატორიაში რა მდგომარეობაში მიიტანეს? დალუქული იყო?
ნევროლოგი: დიახ, დალუქული იყო და ახლდა ფორმა.
ნიკა აბრამიშვილი: ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნიმუში რა საშუალებით გაიტანეს?
ნევროლოგი: საერთაშორისო გზავნილების კომპანია DHL-ში მივიტანე.
ნიკა აბრამიშვილი: ლაბორატორიაშიც თქვენ მიიტანეთ?
ნევროლოგი: არა, DHL-მა მიიტანა.
ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მოსამართლესა და ადვოკატებს ლაბორატორიაში რეგისტრაციის ვერიფიკაციის დოკუმენტის ასლები გადასცა. მისი მტკიცებით, ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშები დალუქული არ ყოფილა. “რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრათ?”, – ჰკითხა აბრამიშვილმა ამერიკელ ექსპერტს, რომელმაც უპასუხა, რომ ნიმუშები თავად დალუქა, მიუთითა პაციენტის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი, ხოლო ლუქი ლაბორატორიაში ტესტების ჩატარების მიზნით მოხსნეს. ნიკა აბრამიშვილს უპასუხეს ადვოკატებმაც, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც მან წარმოადგინა, ნიმუშის გახსნის შემდეგ შეავსეს.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ამერიკელ ნევროლოგს დამატებით ჰკითხა: თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ვინ არის დოუ ჯონი?
[John Doe იურიდიული ტერმინი, დაშიფრული სახელი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც პიროვნების ნამდვილი სახელი უცნობი ან განზრახ დამალულია – რ.თ.]
ნევროლოგი: ეს არის ფსევდონიმი მიხეილ სააკაშვილისთვის.
ნიკა აბრამიშვილი: ჩვენ გვხვდება 2 სახელი და გვარი [სააკაშვილი და John Doe -რ.თ.]… და დღეს ვიგებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილა დოუ ჯონი.
შალვა ხაჭაპურიძე: დღეს კი არ ვიგებთ, კარგა ხანია… ჩვენი თხოვნა იყო, რომ კოდიფიცირებული ყოფილიყო [პაციენტის ვინაობა]. ლაბორატორიები ასე აკეთებენ.
ექსპრეზიდენტის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 იანვარს, 12 საათზე მოწმეების დაკითხვით განახლდება.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.