„ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც [2014 წლის] შემდეგ ლამის რელიგიად გვექცა, არის, ის, რომ რუსები და საერთოდ მტერი უნდა დახოცო. უბრალოდ უნდა დახოცო და რაც მთავარია, ამის არ უნდა შეგეშინდეს. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“, – ამბობს ზალუჟნი ინტერვიუში, რომელიც The Economist-მა 3 დეკემბერს ჩაიწერა და 15 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ზალუჟნი ხსნის, რომ უკრაინისთვის ომი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, 2022-ის 24 თებერვლიდან კი უბრალოდ 403-კილომეტრიანი ფრონტის ხაზი 1500 კილომეტრამდე გადაიჭიმა. The Economist-ის კითხვაზე, რა გამოარჩევს მას როგორც მთავარსარდალს, ზალუჟნი საბჭოთა ყაიდის მეთაურისა და თანამედროვე ლიდერის განმასხვავებელ თვისებებზე საუბრობს. ის უკრაინაში რუსული არმიის მეთაურს, გენერალ სუროვიკინს პეტრე პირველის დროინდელ მხედართმთავარს ადარებს – „ასე ვთქვათ, დერჟიმორდას“.
„უყურებ და ხვდები, ან შეასრულებ დავალებას, ან დედა გეტირება… ჩვენც გვყავდა ჩვენი „დერჟიმორდები“, წესრიგის დამყარებას მუშტებით და კუნთებით რომ ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინულ ჯარში ეს არანაირად არ მუშაობს… ყოველთვის შეიძლება ნორმალური იყო. ეს ნიშნავს, რომ დარჩე ადამიანად ნებისმიერ სიტუაციაში – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეინარჩუნო ჰუმანურობა, ნიშნავს გახდე ლიდერი: იყო უფრო ჭკვიანი, უფრო ძლიერი, უფრო ნიჭიერი და ასე მართო ადამიანები. ესაა ის, რისიც მე მწამს”.
ზალუჟნი ამბობს, რომ ენდობა თავის გენერლებს. ომის დაწყებიდან მან 10 გენერალი გაათავისუფლა „იმიტომ რომ არ იყვნენ მზად ამისთვის“, ერთმა თავი მოიკლა.
მოსკოვის სტრატეგიაზე საუბრისას ზალუჟნიმ ახსენა ამ ეტაპზე რუსული ჯარისთვის მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი. პირველი, ზალუჟნის შეფასებით, ეს არის პაუზა, რომელიც რუსეთს რესურსების მობილიზებისთვის სჭირდება და მეორე – ამავე დროს არ უნდა მისცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება, გადაეწყოს და თავად გადავიდეს იერიშზე. „სწორედ ამიტომ მიდის ბრძოლები ფრონტის 1500 კილომეტრიან ხაზზე“, – უთხრა ზალუჟნიმ ეკონომისტს.
The Economist- თან საუბარში ზალუჟნიმ თქვა, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ დათმონ დაბრუნებული ტერიტოტორიები. „ეს გადამწყვეტია. იმიტომ, რომ მე ვიცი, გათავისუფლება 10-ჯერ, 15-ჯერ უფრო რთულია, ვიდრე შენარჩუნება“– ამბობს იგი.
გენერალი მეორე სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევს რეზერვების შექმნას და ომის ახალი ფაზისთვის მზადყოფნას, რომელიც მისი პროგნოზით, თებერვალში დაიწყება, უკეთეს შემთხვევაში მარტში, უარეს შემთხვევაში კი – იანვრის ბოლოს და არა დონბასში, არამედ კიევის, ბელარუსის მიმართულებით და შეიძლება სამხრეთითაც.
„ყველაფერი დათვლილი გვაქვს – რამდენი ტანკი გვჭირდება, რამდენი საარტილერიო დანადგარი და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაზეც ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ“, – ამბობს გენერალი და ეკონომისტს უხსნის, რომ საჭირო სამხედრო შეიარაღების შემთხვევაში მას სავსებით რეალურად მიაჩნია 23 თებერვლის მდგომარეობის აღდგენა.
რას ფიქრობთ რუსეთში მობილიზაციაზე? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა.
„რუსულმა მობილიზაციამ შედეგი გამოიღო. ტყუილია, თითქოს ისეთი საშინელი პრობლემები აქვთ, რომ არ იბრძოლებენ. იბრძოლებენ. მეფე ეტყვით, იომეთო და ისინიც იომებენ. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორია შევისწავლე – იქაც იგივე მოხდა. შეიძლება ძალიან კარგად აღჭურვილები არ არიან, მაგრამ პრობლემებს მაინც გვიქმნიან. ჩვენი შეფასებით, მათ 1,2-1,5 მილიონი ადამიანის რეზერვი ჰყავთ. რუსები 200 ათას ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე“.
ვალერი ზალუჟნი 1973 წელს დაიბადა ჟიტომირის ოლქში. 1997 – 2014 წლებში სწავლობდა სამხედრო საქმეს სხვადასხვა ინსტიტუტში. 1997 წლიდანვე არის სამხედრო სამსახურში. 2021 წელს დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ჯარების მხედართმთავრად.