რუსული კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ოთხშაბათს კრემლის ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსკოვი ვერ ბლოკავს ამერიკულ ვიდეო-პლატფორმა YouTube-ს.
„YouTube არის ჩვენი დროის საინფორმაციო ჭირი“, – თქვა ევგენი პრიგოჟინმა “ტელეგრამის” საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი თქმით, პლატფორმაზე ვიდეოების 40% „პოლიტიზებულია და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ“.
„ისინი, ვინც “იუთუბის” დახურვის წინააღმდეგაა, თავიანთი ხალხისა და ქვეყნის მოღალატეები არიან, რუსების წინა და მომავალი თაობის მოღალატეები. ისინი ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ისვენებენ საზღვარგარეთ, ზრდიან ბავშვებს. საუბრობენ მაღალ ღირებულებებზე, მაგრამ მხარს უჭერენ დასავლეთს და იკვებებიან მისით“, – თქვა მან.
გასულ პარასკევს პრიგოჟინსა და მთავრობას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული ქალაქი სოლედარი აიღო, მაგრამ არ ახსენა „ვაგნერის“ როლი. “ვაგნერი” დაქირავებული მებრძოლების ჯგუფია, რომელიც არმიის სამეთაურო ჯაჭვს მიღმა მოქმედებს. პრიგოჟინს მისი და მისი მებრძოლების სურათი სოლედარის მარილის მაღაროებიდან უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა.
პრიგოჟინმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება “ვაგნერის” როლის “მინიმიზაციისა და მისი მიღწევების დაკნინების მცდელობების” შესახებ, მოგვიანებით კი სამინისტრომ გამოქვეყნებული ინფორმაცია განაახლა და “ვაგნერის” მებრძოლების “მამაც და თავდაუზოგავ მოქმედებებზეც” ისაუბრა. თუმცა, კრემლმა ჯგუფთან რაიმე განხეთქილების არსებობა უარყო.
პრიგოჟინი, რომელსაც “პუტინის შეფს” უწოდებდნენ, იმის გამო, რომ მისი კვების კომპანია, კრემლის კონტრაქტებს იგებდა, გასული წლის შემოდგომამდე უარყოფდა კავშირს “ვაგნერთან”, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, აქვს სამხედრო კონტრაქტები აფრიკაში და აქტიურია სირიაში. მაგრამ უკრაინაში შეჭრის და ომში რუსეთის არმიის განმეორებითი წარუმატებლობის შემდეგ, ის საჯარო სივრცეში გამოჩნდა.
რუსეთში YouTube პოპულარული ვებგვერდია, ყოველთვიურად დაახლოებით 90 მილიონი მომხმარებლით. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს სოციალური მედიის სხვა, შიდა ვერსიები, YouTube-ის შედარებით ეფექტური ალტერნატივა ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.
რუსეთმა სხვა უცხოური სოციალური მედია პლატფორმები უკვე დაბლოკა, მათ შორისაა “ინსტაგრამი” და “ფეისბუქი”, მაგრამ მიუხედავად YouTube-ის მიმართ მუქარისა, მას ეს პლატფორმა არ დაუბლოკავს.