უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 27 იანვარს, დილით გამოაქვეყნა დაზუსტებული მონაცემები რუსეთის მიერ 26 იანვარს განხორციელებული მასირებული შეტევის შესახებ. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ განახორციელა 44 საავიაციო დარტყმა, მათგან 18 უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-136-ის გამოყენებით და ყველა მათგანი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 70 რაკეტაც და მათგან განადგურებული იყო 47.
26 იანვარს, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და სხვა ოლქებზე მასირებული იერიში მიიტანეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით და შემდეგ რაკეტებით. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაიჭრა. დაზიანდა არაერთი ენერგოობიექტი.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ისევ მაღალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი, გაანადგურეს საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალის და არტილერიის თავმოყრის 3 რაიონი და მართვის 4 პუნქტი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.