![უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან](https://gdb.rferl.org/08530000-0a00-0242-6de6-08daf87dcd62_w1200_r1.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 25 საავიაციო დარტყმა და 85-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე საარტილერიო შეტევას განაგრძობდა ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებულ პუნქტებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 13 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოაგდეს ერთი რუსული ვერტმფრენი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალური შტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.