უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 9 სარაკეტო დარტყმა ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების დასახლებულ პუნქტებზე. ასევე, 27 საავიაციო დარტყმა და 79 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგის მიუხედავად, განაგრძობს შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით, ხოლო ლიმანის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით თავდაცვას აწარმოებს.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე. ჩამოგდებულია 2 თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი კა-52, უპილოტო საფრენი აპარატი „ორლანი“ და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.