უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 26 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, დიდი დანაკარგის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ნოვოპავლოვსკის და ავდეევკის მიმართულებებით, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით კი, თავდაცვას აწარმოებს.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 7 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოგდებულია თვითმფრინავი სუ-25, 3 ვერტმფრენი კა-52 და 5 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 9 რაიონი და მართვის 1 პუნქტი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.