უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში დააკავეს შვიდი ადამიანი, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდება ბრალდება. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის უშიშროების სამსახური და საოლქო პროკურატურა. გამოძიების თანახმად, შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფი ნებაყოფლობით დათანხმდა პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „სერბის“ მეთაურის კურატორობით რუსეთის არმიისთვის დნეპროპეტროვსკის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ჯგუფი რუსებს აწვდიდა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს. თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ეცნობებინათ და მოეხდინათ მათი კორექტირება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნეპროპეტროვსკზე 14 იანვრის თავდასხმებთან. ამას გარდა რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფების და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილსამყოფლის და გადაადგილების და შესახებ.
უფლებადამცავების თანახმად, ჯგუფის კურატორი იყო პრორუსული რადიკალური გაერთიანების „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი) მეთაური. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა.
პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილები, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, სადაც, ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები.
დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელი ჩადენილია საომარი მდგომარეობის დროს.