პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების, ან მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს წალენჯიხაში.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები და ბანერი გაშალეს, წარწერით „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“.
აქციის მონაწილეებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მან თქვა, რომ გამოსავალი ერთად ბრძოლაშია.
“ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება აქცია. კონკრეტულ მომენტში ეს აქცია თავს მოიყრის დედაქალაქში და წალეკავს რუსულ ოცნებას, დიახ რუსულ მოღალატეობრივ ოცნებას. გუშინ კიდევ ერთი რეზოლუცია შექმნა ევროპარლამენტმა, სადაც შავი თეთრად წერია ბიძინა ივანიშვილის ღალატის შესახებ, რომ ის არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის მომავლის. ასევე შავი თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, რომ ის სწრაფად უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ ყველა ქალაქში, ყველგან ვიბრძოლებთ და უნდა იცოდეს რუსმა კობახიძემ და რუსმა “ქართულმა ოცნებამ” , რომ ყველგან შეექმნებათ პრობლემა. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის გარუსებას”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაცილონალური მოძრაობის” აქციები 8 თებერვლიდან იმართება საქართველოს რეგიონებში. 11 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა შეკვეთილშიც, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.
თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გეგმით იმართება. ასეთი გადაწყვეტილება მოჰყვა პატიმარი ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა.