საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება – მისი განცხადება მედიას უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა.
“მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალსთან”, სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებით გაირკვა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი საცხოვრებელი სახლის აივნიდან ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
რადიო თავისუფლება თავდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობს. ამ დრომდე არ გაუცია უწყებას ნოდარ ათუაშვილის შესახებ არსებული კითხვებისთვის პასუხი: როდის ირიცხებოდა ის თავდაცვის სამინისტროს რიგებში და რა გახდა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი.