უკრაინის ომში საქართველომ კიდევ ორი მებრძოლი დაკარგა. სერგო ფონ-სტაალ და მიხეილ თევდორაძე აღმოსავლეთის ფრონტის, ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ ბახმუტთან ახლოს დაიღუპნენ. ისინი უკრაინის სახმელეთო ჯარებში შემავალ, 28-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში ირიცხებოდნენ.
34 წლის სერგო ფონ-სტაალ, პროფესიონალი სამხედრო იყო. მეგობრები და თანამებრძოლები სერგოს ახასიათებენ, როგორც საქართველოზე და სამხედრო საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ჯარისკაცს. სერგო გორში დაიბადა და გაიზარდა. ის დედის მხრიდან, მე-19 საუკუნეში საქართველოში გადმოსახლებული გერმანელების შთამომავალი იყო.
სერგომ 18 წლის ასაკში ჩაიცვა ჯარისკაცის ფორმა. იმსახურა ნატოს ეგიდით, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ სამშვიდობო მისიაში კოსოვოში (KFOR). 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში, პირველი ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ნატოს ეგიდით, სერგო ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, ჯერ „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF), შემდეგ – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შემადგენლობაში. ფონ-სტაალს არაერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
სერგომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ოჯახის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში დატოვა, მცირე ხნით სლოვენიაში მუშაობდა, ივლისში კი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერთან საბრძოლველად წავიდა.
ფანატიკურად იყო შეყვარებული სამხედრო ფორმას, ჯარი და სამშობლო იყო მისთვის ყველაზე მთავარი. სულ ამბობდა, რომ ვალი ღირსეულად უნდა მოვიხადო სამშობლოს წინაშე და საქართველოს დროშა გადაფარებულს ჩამომასვენებენ, ამას უნდა შეეგუოო
„ფანატიკურად იყო შეყვარებული სამხედრო ფორმას, ჯარი და სამშობლო იყო მისთვის ყველაზე მთავარი. სულ ამბობდა, რომ ვალი ღირსეულად უნდა მოვიხადო სამშობლოს წინაშე და საქართველოს დროშა გადაფარებულს ჩამომასვენებენ, ამას უნდა შეეგუოო, ამ თემაზე გვქონდა მუდმივად კამათი“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ სერგოს ყოფილმა მეუღლემ ლელა ბერიანიძემ.
ლელას თქმით, „ვალდებულად თვლიდა თავს ყოფილიყო იქ, სადაც საქართველოს ინტერესების დაცვა აუცილებელი იყო. იმსახურა თითქმის ყველა საერთაშორისო მისიაში: კოსოვოდან დაწყებული ავღანეთით დამთავრებული. ბუნებრივია, იბრძოდა 2008 წლის ომში, რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ივლისში წავიდა უკრაინაში, ისევ რუსების წინააღმდეგ საომრად, სწამდა რომ ეს ჩვენი ომიც იყო“.
„ერთად აღარ ვცხოვრობდით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ორი ქალიშვილი გვყავს. მისი ყოველი დაბრუნება ჯარიდან, იგივე ავღანეთის მისიიდან ბავშვებისთვის წარმოუდგენელი ემოცია იყო. ახლაც, გოგონებს ყოველ საღამოს, უკრაინიდან მესინჯერით მოიკითხავდა ხოლმე. სერგოს სიკვდილი აუნაზღაურებელი ტრაგედიაა ოჯახისთვის, ჩვენი 11 და 12 წლის შვილებისთვის, ამასთან საქართველომ დაკარგა ძალიან ერთგული ჯარისკაცი“ – ამბობს ლელა ბერიანიძე.
ბოლო ინფორმაციით, სერგოს ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გამოსვენებული ბრძოლის ველიდან. ოჯახსაც არ აქვს ინფორმაცია, როდის მოხერხდება, ქართველი მებრძოლის სამშობლოში ჩამოსვენება.
სპეციალურ ვიდეომიმართვაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის დაზვერვის დანაყოფის მეთაურმა ვაკო სულაძემ აღნიშნა, რომ „სერგო და მიშა დაეცნენ გმირულად, როგორც შეეფერებათ ქართველებს, ისინი იბრძოდნენ სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე“.
45 წლის ფარცხანაყანეველი მიხეილ თევდორაძეც ბახმუტთან დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი კონტაქტურ ბრძოლაში იმყოფებოდა, როცა სნაიპერმა მოკლა. მიშა აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, უკრაინაში მოხალისედ წავიდა. თავიდან ქართველი მოხალისეების ერთ-ერთ ცნობილ რაზმში „შერეკილებში“ გაწევრიანდა, აქ არაერთმა მებრძოლმა მოიყარა თავი, ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდა.
მოგვიანებით, თევდორაძე სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად, უკრაინის არმიის 28-ე ბრიგადის მებრძოლი გახდა და მტრის წინააღმდეგ, არაერთ რთულ სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
მიშას საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში მოხუცი მშობლები დარჩა. მიხეილ თევდორაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
რამდენიმე თვის მერე გავიგე, რომ უკრაინაში ომობდა. საქართველოს მტერს ვერბრძვი დედა აქაც, როგორც აფხაზეთში ვებრძოდიო, სულ ამას გვეუბნებოდა. რა ვქნათ ახლა?! დაგვტოვა ასე მოხუცი მშობლები…
„ოჯახში ვიცოდით, რომ გერმანიაში იყო სამუშაოდ წასული, შემდეგ სლოვაკეთში გადასულა, იქედან წასულა უკრაინაში და დიდი ხანი არ გვეუბნებოდა. როცა ვთხოვდი, დამენახე-მეთქი, ვიდეოში სამხედრო ფორმას იხდიდა და ისე გველაპარაკებოდა, რომ არ გვენერვიულა.
რამდენიმე თვის მერე გავიგე, რომ უკრაინაში ომობდა. საქართველოს მტერს ვერბრძვი დედა აქაც, როგორც აფხაზეთში ვებრძოდიო, სულ ამას გვეუბნებოდა. რა ვქნათ ახლა?! დაგვტოვა ასე მოხუცი მშობლები” – გვითხრა მიშა თევდორაძის დედამ მარინე გაბუნიამ.
რუსეთ-უკრაინის ომში, ამ დროისთვის, დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ქართველი მოხალისე იბრძვის. 2020 წლის მარტიდან, რუსეთთან ომს უკვე 38 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი შეეწირა. 2014-2021 წლებში, უკრაინის დროშის ქვეშ – 12 ქართველი მებრძოლი დაეცა.
ყველაზე მეტი ქართველი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, სწორედ ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპა, სადაც თვითმხილვეთა თქმით, „ჯოჯოხეთური ომი“ მიმდინარეობს. სერგო ფონ-სტაალის გარდა, ამ დრომდე, ვერ ხერხდება ბრძოლის ველიდან ხუთი ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოსვენება, რომლებიც ბახმუტთან 3 დეკემბერს დაიღუპნენ.
ასევე ვერ მოხერხდა, მარიუპოლის დაცვის დროს დაღუპული ორი ქართველი მეომრის გადმოსვენება, ვინაიდან, ეს ქალაქი, ჯერჯერობით, ისე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება.