სოჭის საზღვაო პორტი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით, ამის შესახებ სააგენტო ტასს სააქციო საზოგადოება „სოჭის საზღაო პორტის“ გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა აცნობა.
„ვიმედოვნებთ, რომ იქნება [სამგზავრო გადაყვანა] აფზახეთსა და საქართველოში, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიზნად გვაქვს [გადაყვანა] ამ ზაფხულს დავიწყოთ“,- განაცხადა ვლადიმიროვმა.
მან დააზუსტა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა მგზავრთა გადაყვანის ახალ საზღვაო მარშრუტებთან დაკავშირებით, ჩვენ შევეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ შესაძლებლობის ფარგლებში, ამ მიმართულებით განვვითარებით“,- დაამატა ვლადიმიროვმა.
რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად, უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა საქართველოსთან ავიამომოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივას დადებითად აფასებს.
ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ავიამიმოვლის დასაწყებად.