პარიზთან მდებარე ქალაქ სენ-ჟენევიევ-დე-ბუას მერიამ უარი თქვა მოსკოვისგან მიეღო ფული ადგილობრივი სასაფლაოს რუსული ნაწილის შემდგომი შენახვის მიზნით. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს ფრანგულ გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით. ამ სასაფლაოზე დაკრძალულია ემიგრაციაში გარდაცვლილი არაერთი ცნობილი რუსი, მათ შორის მწერლები ივან ბუნინი და დმიტრი მერეჟკოვსკი, მხატვარი კონსტანტინ კოროვინი, მოცეკვავე რუდოლფ ნურეევი და ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი თეთრგვარდიელები.
რუსეთის მთავრობა 2005 წლიდან აფინანსებდა იჯარის და მოვლის გადასახადს იმ საფლავებისთვის, რომლებსაც გარდაცვლილთა შთამომავლები აღარ უვლიან. ბოლო ერთ წელიწადში იჯარის ვადა ამოეწურა 22 საფლავს. მას შემდეგ, რაც სენ-ჟენევიევ-დე-ბუას მერიამ მოსკოვისგან ფულის მიღებაზე უარი თქვა, სასაფლაოს მეთვალყურეთა ადგილობრივმა კომიტეტმა დაფინანსების სხვა წყაროების ძებნა დაიწყო. Le Monde-მა მერიისგან ვერ მიიღო კომენტარი გადაწყვეტილების მიზეზისა და სხვა დეტალების შესახებ.