
დღეს, 17 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 110-ე შეხვედრაზე განიხილეს 13 იანვარს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაქტს პრინციპული შეფასება მოჰყვა.
„ახლა მიდის დეტალებზე მსჯელობა, დეტალების დაზუსტება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, მათ შორის პარტნიორების, რომ საკითხის ბოლომდე ამოწურვამდე თავი შევიკავოთ მსჯელობისაგან. ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, აღნიშნული ინციდენტი დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული და მას მიეცა პრინციპული შეფასება. აღნიშნული ინფორმაცია ცხელი ხაზით გაზიარებული არ ყოფილა, მაგრამ ის დღეს იყო განხილვის საგანი, – განაცხადა ანთაძემ და დაამატა, – ალბათ გემახსოვრებათ, რომ, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით, მაგრამ მისია აგრძელებს თავის საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში”.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია “ანტისაოკუპაციური მოძრაობიდან” არ გაუგია.
“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, „მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ.