პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, როლითაც მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრეს სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე. სააპელაციო საჩივარი ხაჭაპურიძემ დღეს, 21 თებერვალს შეიტანა.
“ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. ის იყო უკანონო და დაუსაბუთებელი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ – ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.