20 იანვრის ღამეს საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის, გიორგი კიკნაძის, მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. როგორც საგარეჯოში კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორი და ამავდროულად ქირურგი მამუკა ოთიაშვილი ამბობს, აღინიშნება სტაბილური დინამიკა.
ბოლო მონაცემებით, პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
“მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე გართულების რისკი რჩება მაღალი“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.
კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში რჩება კიდევ ორი დაჭრილი პაციენტი. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში გაწერენ.
საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” 20 იანვარს, ღამით, სროლის შედეგად დაჭრილი 6 ადამიანი შეიყვანეს. მათგან ერთი, პოლიციელი, გარდაცვლილი იყო, მსუბუქად დაშავებული ერთი პაციენტი სპეციფიკური დაზიანების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი ადამიანის დაზიანებები კი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იყო. მათგან ერთი პაციენტი უკვე გაწერეს.
20 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალსთან”, სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.