საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, სადაც წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ეზოში მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელებიდან ერთ-ერთი. დაჭრილია 5 ადამიანი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ჯერჯერობით არავის უშვებენ. აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლაც.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, “ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა“. შს-თა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021 წლებში. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.