
თბილისის „დინამო“ (ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები) დიუსელდორფში იენის „კარლ ცაისს“ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ეთამაშება. „დინამოელებმა“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს – ევროპის თასების მფლობელთა თასი. პირველი გოლი ოსმა ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა, მეორე – აფხაზმა ვიტალი დარასელიამ.
იმ ღამეს თბილისში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ. ეს თბილისის უახლეს ისტორიაში რიგით მესამე მასშტაბური დემონსტრაცია იყო, 1956 წლის 9 მარტისა და 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ. ხალხი ამჯერად მხოლოდ ზეიმობდა და არავითარ გართულებას არ ელოდა, მაგრამ… სპონტანური მასობრივი გამოსვლა, მიუხედავად მისი შინაარსისა, საბჭოთა კავშირში არასდროს იყო მისაღები.
„თასების თასი“ ქართული ფეხბურთის ისტორიის მწვერვალია. ამ გამარჯვებამდე შესანიშნავი ფეხბურთელების რამდენიმე თაობა მიდიოდა, ჯერ მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის, რომელმაც 1964 წელს სსრკ-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შემდეგ დავით ყიფიანის, ვოვა გუცაევისა და ალექსანდრე ჩივაძისა. მათ ჯერ ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს, შემდეგ კი, როდესაც ევროპის ქვეყნებს შორის ჩემპიონთა შეხვედრა ტარდებოდა, ფეხბურთის მოყვარულებს რამდენიმე დაუვიწყარი მატჩი აჩუქეს, მათ შორის ერთი – ტრიუმფალური – „ლივერპულზე“ გამარჯვება იყო. მაშინ გულშემატკივრებმა კინაღამ ლენინის სახელობის სტადიონი გადაწვეს, რადგან გაზეთები, რომლებიც მანამდე სკამებზე ეფინათ, დაახვიეს და ჩირაღდნები გააკეთეს.
მაშინ ფეხბურთი იყო პირქუშ ციხეში გამოჭრილი ნათელი სარკმელი, სუფთა ჰაერის ნაკადი. სტუდენტები თბილისიდან პანტიანში მივდიოდით, რომ თურქეთისთვის განკუთვნილი სიგნალი დაგვეჭირა და ტურინის „ივენტუსის“ თამაშებისთვის გვეყურებინა. მაგრამ „ლივერპულს“ კი არ ვგულშემატკივრობდით, არამედ მშობლიურ „დინამოს“, თანაც გულწრფელად, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.
მეორე მატჩი 1979 წელს ჩვენებისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა: კევინ კიგანის და მანფრედ კალტცის გუნდი „ჰამბურგი“ თბილისში ჩამოვიდა. „დინამოს“ საკუთარ მოედანზე ორი გოლის განსხვავებით უნდა მოეგო, ეს საკმარისი იქნებოდა. გუცაევმა გაიტანა კიდეც პირველი გოლი მეხუთე წუთზე, მაგრამ „ჰამბურგმა“ მაინც გაიმარჯვა.
საქართველომ ეს წაგება ისევე იდარდა, როგორც ალბათ ბრაზილიამ, როდესაც რიოს ლეგენდარულ სტადიონ „მარაკანაზე“ ურუგვაისთან ჩემპიონატის ფინალი წააგო.
ამ მატჩის წინ ნოემბრის ღამეში უმცროს ძმასთან ერთად ვიდექი „დინამოს“ სტადიონის სალაროს წინ. უმამოდ ვიზრდებოდით და სევდიანად ვლაპარაკობდით, მამა ჩვენთან რომ ყოფილიყო, ბილეთებს „გვიშოვნიდაო“. რიგში ასობით ათასი ადამიანი იდგა. სიებს ადგენდნენ, ღვინოს და ჭაჭას სვამდნენ, ზოგი კოცონთან თბებოდა.
ნანატრი ბილეთები ყველას არ ერგო. დაუწერელი კანონი იყო, სსრკ-ში ასეთ ღონისძიებებზე ბილეთების დიდი წილი „შრომით კოლექტივებში“ ნაწილდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა ბილეთი საწარმოების დირექტორებსა და მათ ახლობლებს ერგებოდათ.
„მუშთაიდის“ პარკში, მთავარი სტადიონის გვერდით, 1960-იან წლებში რეგულარულად იკრიბებოდნენ თბილისელი გულშემატკივრები, ფეხბურთის ნამდვილი მცოდნეები. ისინი არა მხოლოდ თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „დინამოს“ მორიგ მატჩს განიხილავდნენ ან მსოფლიო ჩემპიონატებს ან გენიოს პელესა და დი სტეფანოს. ეს საუბრები პოლიტიკასაც ეხებოდა. ხალხი ერთმანეთს ისეთ კითხვებს უსვამდა, რომლებსაც რადიოში ვერ გაიგონებდით: „მართალია, რომ კენედის მკვლელობაში „ჩვენები“ ერივნენ?“
საკვირველი ის იყო, რომ „ჩვენები“, რომლებიც ყველგან ყველაფერში ცხვირს ყოფდნენ, ამ საუბრებში არ ერეოდნენ. ხრუშჩოვის დათბობის პერიოდიდან მოყოლებული ამისთვის არავინ დაუპატიმრებიათ – ხალხი ფეხბურთზე საუბრობს, რა მოხდა?! მაგრამ მხოლოდ ფეხბურთიც ხომ არ იყო…
„და მართალია, რომ სტალინს სამი შვილი ჰყავდა – ქალიშვილი და ორი ბიჭი?“ „გოგო მართლა გაიქცა ამერიკაში?“ ახლა დაუჯერებელია, მაგრამ 1960-იან წლებში დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა.
„მართალია, რომ ბიჭები მეზობელი ქუჩიდან ავღანეთში იღუპებიან? ამბობენ, იქ საშინელი ომიაო“. და მაინც, ამ საუბარში არავინ ერეოდა. სუკის ყოვლისმხედველი თვალი საჭიროდ არ თვლიდა, ხალხი ფეხბურთზე საუბრისთვის დაესაჯა.
საბჭოთა ცხოვრების თავისებურება, თავნებობა და სიყრუე მხოლოდ ყოფაში კი არ ვლინდებოდა, არამედ ფეხბურთშიც. „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ჩემთან საუბარში 1982 წლის კაზუსი გაიხსენა, როდესაც ლამის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირის ნაკრებს ერთბაშად სამი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს: მოსკოველი კონსტანტინ ბესკოვი, კიეველი ვალერი ლობანოვსკი და თბილისელი ნოდარ ახალკაცი. თან სამივე თანასწორუფლებიანი იყო, თუმცა მოსკოველი ბესკოვი ორუელის სიტყვებით რომ ვთქვათ – „სხვებზე მეტად თანასწორი“.
ვლადიმერ გუცაევი: „მსგავსი სისულელე არასდროს მინახავს, სამი მწვრთნელი… ყველას თავისი კონცეფცია აქვს, თავისი ხედვა ფეხბურთზე, ფეხბურთელის მომზადებაზე. ნაკრებს ერთი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს და ყველა დამხმარე მის აზრს იზიარებდეს, ერთ ტაქტიკურ სქემას უნდა მიჰყვებოდნენ. მათი ერთად შეყრა მხოლოდ საბჭოთა ფუნქციონერს თუ შეეძლო. სისულელე გააკეთეს. საერთოდ ხშირად აკეთებდნენ სისულელეს. კიდევ ერთს ვიტყვი, 1974 წელს ფეხბურთის გუნდში („ცსკა“) ჰოკეის მწვრთნელი ტარასოვი დააყენეს. ასეთებსაც კი სჩადიოდნენ. მათგან რას უნდა დავლოდებოდით ან რა უნდა გვწყენოდა და გაგვკვირვებოდა?“
ვოვა გუცაევი სევდიანად იხსენებს, რომ სსრკ-ის ნაკრების ფორმირებისას თბილისელებს ხშირად მოსკოველების სასარგებლოდ ჩაგრავდნენ. მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა, რომ 1982 წელს ესპანეთის ჩემპიონატზე ბესკოვმა სსრკ-ის ნაკრებში განზრახ არ მიიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დავით ყიფიანი და საბჭოთა კავშირის უთუოდ საუკეთესო მარჯვენა გარემარბი ვოვა გუცაევი.
შესაძლოა, ვოვა ცდება, ბოლოს და ბოლოს სწორედ ბესკოვი იყო უდიდესი მწვრთნელი, რომელმაც საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „სპარტაკი“ შექმნა, თავისი განსაკუთრებული თამაშის სტილით, არც თბილისის „დინამოს“ სტილს რომ არ ჰგავდა და არც კიევისას.
მაგრამ ფეხბურთელების და მილიონობით ქართველის დამოკიდებულება მაინც თავის გავლენას ახდენდა. საბოლოოდ ამ წყენის გამო იყო ის, რომ 80-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ საფეხბურთო დამოუკიდებლობა იყო.
თბილისის „დინამო“ სსრკ-ის ჩემპიონატიდან გამოვიდა და UEFA-სგან ამაოდ ითხოვდა დამოუკიდებლობას. ევროპელმა ჩინოვნიკებმა უკმეხად უპასუხეს, რომ FIFA და UEFA ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხბურთის მხოლოდ ერთ ფედერაციას აღიარებდნენ. ქვეტექსტი ასეთი იყო, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება, მაშინ მივცემთ თქვენს ნაკრებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის უფლებასო.
„მაშინ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა“, – ამბობდა ფეხბურთის ბევრი თაყვანისმცემელი – „ოღონდ ჩვენი ფეხბურთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრწყინავდეს და“…
მაგრამ ასე არ გამოვიდა. მალევე გაირკვა, რომ საქართველოს ფეხბურთს არა აქვს ის რესურსი, რომელიც იმპერიას გააჩნდა.
სხვათა შორის მაშინვე, როდესაც „დინამომ“ სსრკ-ის ჩემპიონატი დატოვა, თბილისსა და სოხუმს შორის პირველი ბზარი გაჩნდა. აფხაზეთმა განაცხადა, რომ ის სსრკ-ის ფეხბურთის ფედერაციაში რჩება და საბჭოთა ჩემპიონატზე ისევ ითამაშებს.
აქ ძალიან საინტერესო რამ მოხდა, 1989 წელს „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ინიციატივა გამოთქვა, სსრკ-ის ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიეღოთ. ფეხბურთთან დაკავშირებულმა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის კოტე მახარაძემ და ფეხბურთელებმა, მათ შორის დავით ყიფიანმა და ვოვა გუცაევმა საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირეს. საქართველოში ლამის „საფეხბურთო-სამოქალაქო ომი“ ატყდა. სადღაც წლის მერე ეს ერთ-ერთი (რა თქმა უნდა, არა ყველაზე მთავარი) მიზეზიც კი გახდა ნამდვილი ძმათამკვლელი ომისა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო.
ხალხი მიჩვეული იყო, რომ ყველაფერს მოსკოველ ფეხბურთელებს, თანამდებობის პირებს, მწვრთნელებს აბრალებდა. მაგრამ როგორც ძველი თაობის ერთმა გულშემატკივარმა მითხრა, მათ საბჭოთა ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, იმ სასიამოვნო ღელვის გარეშე, რომელიც „ჩვენი დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის დაგეგმილი მატჩის წინ ეუფლებოდათ, გამარჯვების სიხარულის და მარცხების სიმწარის გარეშე, რომლის რევანშს მომავალ წელს თბილისში ან მოსკოვში აიღებდნენ.
პოსტსაბჭოთა ყოფაში ფეხბურთი იმავე მანკიერებების მატარებელი გახდა, რომლებიც საზოგადოებას ჰქონდა. „მილანის“ მცველის, კახი კალაძის ძმა გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ბანდიტებმა მოიტაცეს და მოკლეს. ხელისუფლება ამ სასტიკ სინამდვილეს კახის დიდხანს უმალავდა, ეუბნებოდნენ, საქმეს ვიძიებთო. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შიშობდა, ძმის სიკვდილის გაგების შემდეგ კახი საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებდა.
მან მართაც თქვა უარი თამაშზე, ოღონდ სხვა დროს. ეს მისი პროტესტი იყო დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა დამყარებული.
რაც შეეხება მატჩების გარიგების საბჭოთა ტრადიციას, მან თავი ერთი სამარცხვინო ინცინდენტით იჩინა. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო სფეროს ხელმძღვანელობა მატჩის წინ დასავლეთის ერთ-ერთი გუნდის მსაჯის მოსყიდვას შეეცადა. მან კი ამის შესახებ მაშინვე UEFA-ს შტაბ-ბინაში განაცხადა.
მეორე მხრივ, თბილისის „დინამოს“ მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, ფეხბურთელი საზღვარგარეთ დარჩენილიყო. განსხვავებით ბალერინების, მსახიობების, რეჟისორებისა და მხატვრებისგან, ფეხბურთელები „არ გარბოდნენ“.
არადა საშა ჩივაძე და დავით ყიფიანი ფეხბურთის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ. მათ უზარმაზარ ფულს გადაუხდიდნენ. მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ საბჭოთა საზოგადოების ჩაკეტილობა და ფეხბურთისადმი გულწრფელი სიყვარული ქმნიდა ფეხბურთელების განსაკუთრებულ სტატუსს, რომლის დაკარგვაც მათ არანაირ თანხად არ უღირდათ.
დავით ყიფიანი საზღვარგარეთ რომ გაქცეულიყო, ეს საბჭოთა კავშირის ღალატად კი არ აღიქმებოდა, არამედ საქართველოს, საკუთარი სამშობლოს ღალატად.
1980-1981 წლების სეზონზე, სანამ თასების თასს მოიგებდა, თბილისის „დინამომ“ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ლონდონში „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ და სახლში – ჰოლანდიის „ფეიენორდთან“.
ქართული ფეხბურთის ფენომენზე ჯერ მაშინ ალაპარაკდნენ. პატარა, მთიანმა ქვეყანამ, სადაც სტადიონის სწორ ადგილას აშენებაც ვერ ხერხდებოდა იოლად, გრანდიოზულ, ევროპულ საფეხბურთო არენაზე საგრძნობ შედეგს მიაღწია. მსოფლიო ფეხბურთს რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი აჩუქა. ეს ბევრმა ისეთმა საბჭოთა რესპუბლიკამაც ვერ გააკეთა, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი ჰქონდა. რატომ?
ყოველთვის მაწვალებდა კითხვა, რატომ გვიჭირდა მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში. ეს იერარქიული მომენტია, ის მაინც მოსკოვიდანაა, სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. იდეოლოგია თავისას შვრებოდა…
მხატვარი გია ბუღაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ფეხბურთზე როგორც იმპერიის წინააღმდეგ მიმართულ სულისკვეთებაზე „განსაკუთრებული სოციალური დაკვეთა“ არსებობდა. ეს ეროვნული იდენტობისა და მისი აღორძინების ერთგვარი საცავი იყო.
საბჭოთა ფეხბურთი, რა თქმა უნდა, საბჭოთა ფენომენი გახლდათ. მაგრამ სხვა „საბჭოთა ფენომენებისგან“ განსხვავებით მან თავისი გენიალურობის, თანდაყოლილი კეთილშობილებისა და ხალხის ალალი სიყვარულის წყალობით ძალაუნებურად „გააკეთილშობილა“ და ადამიანები „მიაჯაჭვა“ იმ საბჭოთა რეჟიმს, რომელიც ამ „მიჯაჭვულობას“ ძალზე მოხერხებულად იყენებდა.
მაგალითად, ელდარ რიაზანოვის შესანიშნავი ფილმები, ჩვენ, საბჭოთა ხალხი ყოველ ახალ წელს ვუყურებდით მის ფილმს „გაამოთ“. ვერც კი ვამჩნევდით, რომ მთელი თავისი შეფარული, რეჟიმის საწინააღმდეგო სულისკვეთების მიუხედავად, ეს გენიალური ფილმი მისდა უნებურად ამკვიდრებდა საბჭოთა „საახალწლო დღესასწაულს“, რომელიც ამ ფორმით არსად სხვაგან არ არსებობდა.
გია ბუღაძე: დიახ, გეთანხმებით. გია დანელია – ესეც საბჭოთა ფილმებია. „პასპორტიც“ საბჭოთაა, მისი ბოლო ფილმი. მართალია, საბჭოთა პასპორტს ეხება, მაგრამ ქართული ხასიათი ჩანს (სხვათა შორის, ამ გმირს ფრანგი თამაშობს). ესეც პარადოქსია. და „მიმინო“… გენიალური მსახიობები არიან, მაგრამ ეს საბჭოთა ფილმებია, რადგან ლეონოვი ასეთი ადამიანია – რუსი, კეთილი კაცი, რომელიც ეხმარება, რადგან მეგობარს მიამსგავსა. რა თქმა უნდა, ეს გიზიდავს. ერთად კარგად ვართ – ასე იყო.
წარმოიდგინეთ, ხომ გახსოვთ, რომ „დინამო“ ბერიადან მოყოლებული სახელმწიფოსია, შსს-სი, შემდეგ შსს-სი და უშიშროების ერთად. ყოველთვის მაწვალებდა კითხვა, რატომ გვიჭირდა მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში. ეს იერარქიული მომენტია, ის მაინც მოსკოვიდანაა, სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. იდეოლოგია თავისას შვრებოდა.
თუნდაც დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ავიღოთ, უკრაინელებთან რაღაც გვეთქმის, აი, მოსკოვთან კი ვცილობთ გამოვძვრეთ ან საერთოდ ხმა არ ამოვიღოთ. ეს კომპლექსია, ქვეშევრდომის კომპლექსი. მაინც არის ეს ჩვენში, მაგრამ მგონია, რომ სპორტს და დიდ სპორტსმენებს შეუძლიათ ჩვენში დამოუკიდებლობისა და სიამაყის გრძნობა გააღვიძონ.
გიორგი კობალაძე: ფაქტია, რომ საქართველოში, საბჭოთა დროშიც კი ფეხბურთი პიროვნულ თავისუფლებასთან, ეროვნულ თვითგამორკვევასთან იყო დაკავშირებული.
1975 წელს რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმი „პირველი მერცხალი“. ბოლო კადრებში ჩანს, როგორ მღერიან ქართველები ეროვნულ სიმღერას მას შემდეგ, რაც ინგლისელებთან წააგეს. ეს ზუსტად გადმოსცემს იმ მთავარ სოციალურ ფუნქციას, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა იმპერიის ფარგლებში.
ამბობენ, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში ფეხბურთი იმიტომ ჩაკვდა, რომ ფეხბურთელებმა ახალი სოციალური დაკვეთის სიმძიმეს ვერ გაუძლეს – აენაზღაურებინათ ბოლო 30 წლის განმავლობაში შელახული ეროვნული სიამაყე.
მაგრამ არის იმედიც, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ნიჭსაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში „ნაპოლიში“ მიეცა ასპარეზი, დიეგო მარადონას „ნაპოლიში“.
ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების ახლი თაობა იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში აღორძინდება ფეხბურთის კეთილშობილი, მშვიდობიანი, დემოკრატიული გენია – მაღალი ხელოვნება, რომელსაც მილიონობით გულშემატკივრისთვის მოაქვს სიხარული.