თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს, სხვათა შორის, ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულებს. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა 16 იანვარს გამოაცხადა.
ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლომ თითოეული ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში (სსკ-ის 225-ე მუხლი).
სასამართლოს პირველი ინსტანციის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
დაკავებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ.
5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.