
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ჟურნალისტებთან საუბარში მანვე აღნიშნა, რომ ელოდებიან ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს.
“ჩვენმა ეპიდოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა, ყველა იმ პირს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, კოვიდი არ დაუდასტურდა. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან”, – ამბობს ჩხაიძე.
პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს – მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური.
“ტემპერატურა არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა რომ სარეანიმაციაო, ეს მისი ხედვაა. პაციენტს კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. იგი მკურნალობას აგრძელებს პალატაში”.
მანვე დაამატა, რომ როცა თანმხლები დაავადებებია, გართულება გამორიცხული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, “არანაირი მიმანიშნებელი იმისა რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არაა”.
ზურაბ ჩხაიძემ, ასევე არ დაადასტურა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.
“არცერთ შემთხვევაში ექიმს არ დაუფიქსირებია გონების კარგვის ეპიზოდი. ექთანი მასთან არის 24 საათის განმავლობაში”.
მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა 24 იანვარს გაავრცელა.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.