„როსკომნადზორმა“ შეზღუდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (CIA) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საიტებზე წვდომა. შეზღუდვა ვრცელდება ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაზე, რომელშიც მართლმსაჯულების ჯილდოებზეა ლაპარაკი.
წვდომა იზღუდება შემდეგ საიტებზე: www.cia.gov, www.fbi.gov და rewardsforjustice.net.
„როსკომნადზორის“ თქმით, ამის მიზეზი გახდა ამ ორგანიზაციების მიერ ფეიკების გავრცელება.
როგორც გამოცემა RBC-ს განუცხადეს „როსკომნადზორში“, რესურსები ეკუთვნის „მტრული ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებს“, ისინი ავრცელებენ მასალებს, რომლებიც მიმართულია რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციისა და არმიის დისკრედიტაციისკენ.
ამერიკის მხარეს საიტების დაბლოკვაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მაისში CIA-მ თავის ოფიციალურ საიტსა და სოცქსელებში გაავრცელა სპეციალური ტექსტები რუსულ ენაზე, რომლებშიც ახსნილია, უსაფრთხოდ როგორ დაუკავშირდნენ სპეცსამსახურს.
სადაზვერვო უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ინსტრუქციები ეხება იმათ, „ვინც თავს მოვალედ მიიჩნევს, დაუკავშირდეს CIA-ს უსამართლო ომის გამო, რომელსაც რუსეთის მთავრობა აწარმოებს“.
FBI რეგულარულად აწარმოებს სოცქსელებში სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის – რუსულად. მაგალითად, 2023 წლის იანვარში სპეცსამსახურმა ფეისბუკში გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ მობილიზაციამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება და FBI-ის აგენტებთან კონტაქტისკენ მოუწოდა მომხმარებლებს.