რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, სადაც რუსული ჯარების დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ შტაბის ინსპექტირება ჩაატარა. მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუს არსებული ვითარება გააცნო დაჯგუფების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მურადოვმა და ანგარიში ჩააბარეს შენაერთების ხელმძღვანელებმა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის და ოთახში გადაღებული ვიდეოკადრების მიხედვით, შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციისას“ გამოჩენილი „გმირობისთვის“ დააჯილდოვა რამდენიმე სამხედრო და განაცხადა, რომ ისინი „ღირსეულად მსახურობენ, სამშობლოს იცავენ“ და ყველაფერს აკეთებენ „გამარჯვების დღის მოახლოებისთვის“. როდის იმყოფებოდა შოიგუ “სპეცოპერაციის ზონაში” დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 დეკემბერსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალმა შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ რაიონებში მყოფი სამხედრო დაჯგუფებების ინსპექტირება ჩაატარა, ვერტმფრენიდან დაათვალიერა დისლოკაციის რაიონები და რუსული ქვედანაყოფების “მოწინავე” პოზიციები შეამოწმა. აქტივისტებმა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ სერგეი შოიგუს მიერ უკრაინაში „შემოწმებული“ რუსული ჯარების „მოწინავე პოზიციები“ ფრონტის ხაზიდან სავარაუდოდ, 80 კილომეტრით იყო დაშორებული.