რუსეთი არღვევს „ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს“, ომის დროს, უკრაინელ ბავშვებზე რუსული პასპორტების გაცემით და მათი შვილად აყვანის გზით, განუცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელმა, საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”.
ფილიპო გრანდი, უკრაინაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და სხვადასხვა ქალაქს ეწვია. პარასკევს, 27 იანვარს, გაეროს ადგილობრივ ოფისში საუბრისას მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, სააგენტოს “მეტის გაკეთება” სთხოვა.
”მათთვის (რუსეთის) ეროვნების მინიჭება, ან მათი შვილად აყვანა, ეწინააღმდეგება ომის სიტუაციებში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს არის ის, რაც რუსეთში ხდება და არ უნდა ხდებოდეს” – თქვა გრანდიმ.
პრეზიდენტი ზელენსკი, ფილიპო გრანდის ოთხშაბათს, 25 იანვარს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მან გაეროს მოუწოდა, რუსეთში დეპორტირებული ბავშვებისა და მოზარდების „დასაცავად და დასაბრუნებლად“, ასევე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად, მექანიზმები შეიქმნას.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთში ინფორმაციაზე წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ, სააგენტის არ შეუძლია დააზუსტოს, რამდენ უკრაინელ ბავშს მისცეს რუსული პასპორტები, ან რამდენი მათგანი გაშვილდა რუსულ ოჯახებში.
რუსეთი აცხადებს, რომ ბრალდებები უკრაინელი ბავშვების გატაცების შესახებ მცდარია.
“ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება ბავშვებს იტაცებს“ – განაცხადა ივლისში, გაეროში რუსმა დიპლომატმა, დიმიტრი პოლიანსკიმ.
გრანდიმ, უკრაინის დევნილთა კრიზისის ორ პოტენციურ განვითარებას გაუსვა ხაზი. გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, საზღვარგარეთ 8 მილიონი უკრაინელი წავიდა. კიდევ რამდენიმე მილიონი იძულებული გახდა, ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო.
UNHCR-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თბილ სეზონზე, უკრაინაში უფრო მეტი ლტოლვილი შეიძლება დაბრუნდეს, – როგორც ეს მოხდა 2022 წელს, როდესაც სააგენტოს დააკვირვებით, ზაფხულის ბოლოს, ქვეყანაში “ასობით ათასი” დაბრუნდა. თუმცა, ეს მოძრაობა შეჩერდა სიცივის დაწყების შემდეგ.
გრანდიმ ასევე განაცხადა, რომ ბრძოლების ესკალაციამ შეიძლება დევნილთა ახალი ტალღა გამოიწვიოს. თუმცა ისინი, სავარაუდოდ, ძირითადად ქვეყნის შიგნით გადაადგილებულნი იქნებიან.
“ის, რაც ჩვენ, ამ მხრივ ბოლო დღეებში ვნახეთ არც თუ ისე იმედისმომცემია. ყველა ვარაუდობს, რომ იქნება საომარი მოქმედებების ზრდა, ესკალაცია… და ეს, სავარაუდოდ, უფრო მეტ გადაადგილებას გამოიწვევს” – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა.