მკვლევრების შეფასებით, УПЦ -ს მიმართ საზოგადოებრივი განწყობები გაურესდა მას შემდეგ, რაც, მასობრივი შემოწმების დროს, სამართალდამცველებმა ეკლესიებში აღმოაჩინეს “რუსული სამყაროს” ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები – რუსული ფული, რუსული პასპორტები, რუსული პროპაგანდისტული ლიტერატურა, იარაღი, საეჭვო ადამიანები და რუსი სამხედოების საკვებიც კი. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ.
1 იანვრიდან კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე, ორი ტაძარი აღარ არის ხელმისაწვდომი სასულიერო პირებისთვის. უკრაინის ხელისუფლებისთვის არადამაჯერებელია УПЦ-ს მიერ მაისში გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ეკლესია, თითქოს, მოსკოვის საპატრიაქროს გაემიჯნა. დაიწყო საუბრები УПЦ-ს შესაძლო აკრძალვის შესახებაც.
“მეხუთე კოლონის” იმიჯი
კიევის სოციოლოგის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო კვლევით (4-27 დეკემბერი), რესპონდენტების 78% თვლის, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ ფორმით უნდა ჩაერიოს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის საქმიანობაში. აქედან 54% УПЦ-ს სრულად აკრძალვის მომხრეა, ხოლო 24% – საჭიროდ თვლის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის დაწესებას. УПЦ-ს ხელშეუხებლობისა და მის საქმეში ჩაურევლობის მომხრეა გამოკითხულთა მხოლოდ 12%.
„ეს მონაცემები მიუთითებს УПЦ-ს უშედეგო მცდელობაზე – დაშორებოდა „რუსული ეკლესიის“ იმიჯს. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ეკლესიის მიერ 2022 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა უკრაინელების უმრავლესობა ვერ დაარწმუნა, რომ УПЦ მართლაც უკრაინული ეკლესიაა. ის ინარჩუნებს „მეხუთე კოლონის“ იმიჯს, ბოლო დროს სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისა და ამ ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებების ფონზე“, – წერია კიევის სოციოლოგის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ფონდ „დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ოქტომბერში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52%-მა აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესია არა უკრაინის, არამედ რუსეთის აგრესიის ხელშემწყობია. საპირისპირო აზრი მხოლოდ 11%-მა გამოხატა.
„მოქალაქეების უმეტესობისთვის, მათი ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, УПЦ МП წარმოადგენს უფრო ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეს, ვიდრე პირიქით“, – წერია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 იანვარს, ვინიცის ეპარქიის ეკლესიაში, რომელიც, ოფიციალური ცნობებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, მღვდელი დაჭრეს. ვიდრე სასულიერო პირს ყელში დანას დაარტყამდა, 47 წლის მამაკაცმა ეკლესიაში ნივთების გადმოყრა დაიწყო. როგორც მედია იუწყება, პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრა. დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. მღვდელი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეზღუდვა, სავარაუდო აკრძალვა
1 იანვრიდან, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის წარმომადგენლებს შესვლისა და მსახურების უფლება აეკრძალათ კიევ-პეჩორის ზედა ლავრის 2 ტაძარში (უსპენსკის და სატრაპეზოს). გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ტაძრებით სარგებლობისთვის იჯარის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.
„ეს ყველაფერი ჩვენი იყო… არავის შეუტყობინებია, რომ იჯარას აღარ აგრძელებდნენ“, – უთხრა ჟურნალისტებს კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტმა პაველ ლებედმა, რომელიც, უკრაინული წყაროების თანახმად, სანქცირებულთა სიაშია. ლებედი ამბობს, რომ მსახურების 30 წლის განმავლობაში, არაერთ პრეზიდენტს მოესწრო და მათგან ყველაზე ღირსეული ლეონიდ კუჩმა იყო, უკრაინის პრეზიდენტი 1994-2005 წლებში.
კიევ-პეჩორის ლავრის ორი ტაძრის იჯარით სარგებლობის საკითხს, პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით, უწყებათშორისო სამთავრობო კომისია შეისწავლის. უკრაინის კულტურის სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ის არ გასცემს УПЦ-სთვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების რეკომენდაციას.
УПЦ-ს დაუპირისპირდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვიც. ის მოუწოდებს УПЦ-ს, რომ არ დამალოს კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან და თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ღიად დაგმოს პუტინი და რუსეთის აგრესია.
“ჯერ თქვენს სინდისს მიმართეთ… რატომ მალავთ თქვენს დასახელებას? ეს ხომ უსამართლობაა, ხალხმა უნდა იცოდეს, სად [რომელ ეკლესიაში] დადის. თუ არ გაქვთ კავშირი [რუსეთის საპატრიარქოსთან], მაშინ ოფიციალურად განუდექით, თქვით, რომ პუტინი სატანაა და კირილე სატანაა. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. ეს იქნებოდა სამართლიანი“, – მიმართა დანილოვმა ტელეეთერიდან სასულიერო პირებს.
УПЦ უარს აცხადებს სახელის შეცვლასა და მასში „მოსკოვის საპატრიარქოს“ დაბრუნებაზე. ეკლესიის იურიდიული დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მათ ამ ვალდებულებას არ აკისრებს.
სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წესდების შეცვლის დროს, მაისში ამოიღო.
პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებას დაწყებული აქვს პროცესი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. 2 დეკემბერს, შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, ნიკიტა პატურაევმა დეკემბერში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადა УПЦ-ს გაუქმებას გეგმავს. მაშინ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.
27 დეკემბერს, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო უკრაინის რადის მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული ცვლილებები კანონში „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ“. ამ ცვლილებების თანახმად, რელიგიურმა ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა აგრესორ, ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არ უნდა დამალონ და ამის შესახებ სახელწოდებაში უნდა მიუთითონ. უკრაინელი ექსპერტების ცნობით, ეს საკანონმდებლო ნორმა უშუალოდ შეეხებოდა УПЦ-ს (ოფიციალურად – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლიას), რომელიც იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი.
გაემიჯნა თუ არ გაემიჯნა?
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ) კიევი ჯერ ისევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებში მოქმედად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 27 მაისს, საეკლესიო კრებაზე, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამიჯვნის შესახებ და წესდებაც შეცვალა.
თეოლოგები განმარტავენ, რომ УПЦ კვლავ ინარჩუნებს კანონიკურ კავშირს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იმისათვის, რომ დაქვემდებარებულად აღარ ჩაითვალოს, უნდა მიიღოს შესაბამისი ტომოსი, რაც მას არ მიუღია.
- 27 მაისს, საეკლესიო კრებამ წესდებაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც მოსკოვს ართმევს ადმინისტრაციული ზემოქმედების ბერკეტებს УПЦ -ზე; ეს ქმედება მოჰყვა სასულიერო პირების ნაწილის უკმაყოფილებას, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილე ღიად უჭერს მხარს რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრასა და ომს;
- თუმცა საეკლესიო კრების ფარგლებში სასულიერო პირების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა წინადადებას – აღარ მოიხსენიონ ლოცვებში მოსკოვის პატრიარქი კირილე, რომელიც უკაინასთან ომს ღიად უჭერს მხარს. „ჩვენ მას ლოცვებში მოვიხსენიებთ, რათა ღმერთმა ის უკეთესად აქციოს“, – უთხრა „უკრაინსკაია პრავდას“ УПЦ-ს კრების მონაწილე სასულიერო პირმა.
უკრაინული მედიის თანახმად, სასულიერო პირების ის ნაწილი, რომელიც მართლაც აღუდგა წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, УПЦ -დან დაგავიდა ПЦУ-ში, მეორე მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. ასეთ სასულიერო პირთა რიცხვი მაისში 400-ს აღწევდა.
„რუსული სამყაროს“ კვალი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია-მონასტრების შემოწმების პროცესი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნოემბერში, თანდათან გააქტიურდა და თითქმის ყველა ოლქს მოედო. დეკემბრის ჩათვლით, უსაფრთხოების სამსახური თითქმის ყოველდღე შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეპარქიებში, ამოწმებდა რელიგიურ შენობებსა და დამხმარე ნაგებობებს, „რუსული სამყაროს“ კვალის, „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანო მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის“ აღმოჩენის მიზნით.
სხვადასხვა დროს გავრცელდა არაერთი ცნობა რუსული დოკუმენტების, რუსული ფულის, რუსული პროპაგანდის გზამკვლევების აღმოჩენის შესახებ. გახმურდა ასევე ეკლესიების ტერიტორიაზე საეჭვო პირების ყოფნის ფაქტები და ზოგიერთი სასულიერო პირი უკრაინაში არალეგალურად მყოფი რუსეთის მოქალაქეც აღმოჩნდა. დეკემბერში უსაფრთხოების სამსახურის ხარკოვის ოლქის სამმართველო იტყობინებოდა, რომ, კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღმოაჩინეს ასევე ოკუპანტებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვები.
ბოლო კვირებში სანქციები დაუწესეს, ეჭვმიტანილებად ცნეს და ბრალდებები გააცნეს არაერთ სასულიერო პირს. მათ შორის იყო კიევ-პეჩორის ლავრის მღვდელმსახური, რომელიც ლიტურგიის დროს ავრცელებდა „პროპაგანდისტული ხასიათის თეზისებს“ და მის ტაძარში „ადიდებდნენ რუსული სამყაროს“. სასულიერო პირებს დაუწესდათ სანქციებიც. არ გავრცელებულა ცნობები მათი დაპტიმრების შესახებ.
თუმცა ნოემბერში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა სატელევიზიო ეთერში მიანიშნა, რომ დაკავებული კოლაბორანტი სასულიერო პირები შესაძლოა მედვედჩუკის მსგავსად, უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალონ.
ერთი მღვდელი უკვე გაცვალეს.
რუსული და უკრაინული მედიის თანახმად, დეკემბრის შუა რიცხვებში, რუსეთის მხარეს, ტყვეების გაცვლის პროცესში გადაეცა მოსკოვის საპატრიაქროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ლისიჩანსკიდან, ანდრეი პავლენკო, რომელიც ბრალდებული იყო მტრისთვის უკრაინელი ჯარისკაცებისა ადგილსამოყოფელისა და საცეცხლე კოორდინატების მიწოდებაში. ის ჯერ კიდევ აპრილში დააკავეს, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„აპრილის შუა რიცხვებში ის აგროვებდა ინფორმაციას უკრაინული არმიის შეიარაღების, კუთვნილი ტექნიკის რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ქალაქ სევეროდონეცკში და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს ის ინფორმაციას მესენჯერით აწვდიდა“, – იტყობინებოდა უკრაინის გენერალური პროკურატურა პავლენკოს შესახებ.
დეკემბერის შუა რიცხვებში, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეომსალაში ჩანს, თუ როგორ ხვდება და მიესალმება გათავისუფლებულ სასულერო პირს „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი; ხოლო თავად სასულიერო პირი ამბობს, რომ უკრაინის მიწები რუსეთს ეკუთვნის, „რუსეთს დარჩება და აღარ იქნება უკრაინის გავლენა“.