ყვარლის “ევროკლუბში”, სადაც, ასევე “ამერიკული კუთხე” ფუნქციონირებს, ლევან ბერძენიშვილს 15 იანვარს ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ევროკლუბის” ხელმძღვანელმა ნიკა გურინმა გაავრცელა.
მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ღონისძიების დაწყებამდე, დაახლოებით, 15 წუთით ადრე ორგანიზებულად შეიკრიბნენ მისთვის უცნობი ადამიანები და ლევან ბერძენიშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
“ადგილობრივები არ ჩანდნენ. კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილებმა პიკეტირება მოგვიწყვეს. ზოგი ყვიროდა, რომ თელავიდან იყო, ზოგი ამბობდა ახმეტიდან ვარო. გარედან ალყაში მოგვაქციეს, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია.
ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე ილია და აქტივიზმი. შენობაში ბევრი ბავშვი, მათ შორის არასრულწლოვანი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. ყვიროდნენ რომ ერეკლე პაპას შვილიშვილები იყვნენ”, – ამბობს ნიკა გურინი. მისივე ინფორმაციით, 112-ში თავად დარეკეს და პოლიცია გამოიძახეს.
რადიო თავისუფლება დაუაკავშირდა ლევენ ბერძენიშვილსაც. როგორც ის ყვება, ადგილზე 3-4 პოლიციელი იყო, მან კი მანქანიდან გადმოსვლაც ვერ შეძლო.
“მოწვეული ვიყავი, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით ილიაზე მესაუბრა, მაგრამ თელავიდან გამოუგზავნიათ ბრიგადა, რომ ჩაეშალათ ეს ღონისძიება. ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ სულ 3-4 პოლიციელი იყო. ჩემი იქ შესვლა არ იყო უზრუნველყოფილი. გამოთქვეს პრეტენზიები, არ მოეწონათ, არ მოსწონთ ჩემი აზრები, რაღაცებზე, საერთოდ. მე მეგონა, ერეკლეზე იქნებოდა მარტო, მაგრამ თურმე ლგბტ თემთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები… საერთოდ, მე არ მოვწონვარ ამ ხალხს.
წარმოუდგენელი იყო, იქ შესვლა, მანქანიდან არც ჩამოვსულვარ. ეს იყო მომზადებული კადრები, ლაპარაკობდნენ სისულელეებს, ლაპარაკობდნენ გაუმართავად, ანუ ცოტა წერა-კითხვასთან მწყრალად იყვნენ”.
მისივე თქმით, ღონისძიების ჩაშლა ხელისუფლების ორგანიზებული იყო, რადგან ადგილზე საჯარო მოხელეები იყვნენ მისულები:
“ხელისუფლების გაკეთებული იყო, ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. რაში ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს, ახლა, ამაზე უნდა დაფიქრდეს კაცი. ბოლო-ბოლო რას დავაშავებდი? ილიაზე უნდა მელაპარაკა. ორგანიზებული სახე ჰქონდა, აშკარად საჯარო მოხელეები იყვნენ, ესენი არ იყვნენ უბრალო მოქალაქეები, მაგრამ ასეთი საჯარო მოხელეები თუ გვყავს, კარგად ჰქონიათ თელავში საქმე.
ეს ის ხალხი იყო, ვისაც ადრე ვხედავდით ტელევიზიით, რომლებსაც ეწყინათ, რომ “მათ პაპას შევეხე მე”. “ერეკლე ჩემი პაპააო რომ იძახდა”, ასეთი ტანმორჩილი, შუახნის კაცი აქტიურობდა”.
ღონისძიების გაუქმების შემდეგ ლევან ბერძენიშვილი უკან, თბილისში დაბრუნდა. იგი ყვება, რომ ყვარელში შეკრებილები აგრესიულები იყვნენ და მათთან არ უსაუბრია.
“ამ მოქალაქეებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, განწყობილი იყვნენ აგრესიულად და ალბათ მაღალ ქულებს ჩაიწერდნენ ფიზიკურად თუ შეგვეხებოდნენ. მაგისი ილუზია, რომ 3 ცალი პოლიციელი ვინმეს დაიცავდა, არ მქონია. ნათელი იყო, რომ პოლიცია აბსოლუტურად მშვიდად იდგა, ერთი წამით არ უფიქრიათ, რომ მე რამენაირად დარბაზში შევეყვანე“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვფილმა.
რადიო თავისუფლება მომხდარის დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.