კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამაარსებლისა და სპონსორის, ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურები აფართოებენ ოქროსა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას აფრიკაში, რათა დააფინანსონ სამხედრო კომპანიის საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, წერს გამოცემა Politico.
ჟურნალისტები ეყრდნობიან ერთ-ერთ დიპლომატიურ გზავნილს, რომელიც ერთ-ერთმა დასავლელმა თანამდებობის პირმა მიიღო და რომელიც აშშ-შია შედგენილი.
დოკუმენტში მითითებულია, რომ გასულ წელს „ ვაგნერმა” მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ყოფნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას უწევს კონტროლს. მისმა მოგებამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2022 წელს თითქმის ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია.
თანამდებობის პირის თქმით, ეს ფული, დიდი ალბათობით, იარაღის შესყიდვასა და ახალი დაქირავებული მებრძოლებისთვის საფასურის გადახდას მოხმარდება. აშშ დიდი ხნის წინ აცხადებდა “კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის” მზარდი აქტივობის შესახებ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და იმის შესახებ, რომ ამ საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოიყენება რუსეთის პოლიტიკის მხარდასაჭერად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით.
„ვაგნერმა” ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბანგიში, კულტურული ცენტრი გახსნა და გააფორმა ხელშეკრულებები საბადოების, მათ შორის, ნდასიმას ოქროს მაღაროს, დაცვის შესახებ. რამდენიმე წლის განმავლობაში, პრიგოჟინის სტრუქტურებმა ერთ დროს კუსტარული მაღარო ძლიერ სამთო საბადოების კომპლექსად აქციეს, ნათქვამია წერილში.
ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომლის, კატრინა დოქსის თქმით, “ვაგნერის” მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ პროექტებში აჩვენებს, თუ რამდენად ინტეგრირებულია რუსული სამხედრო კომპანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო სტრუქტურებში და რამდენად არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა მასზე დამოკიდებული. ამ ქვეყნის მთავრობა უარს ამბობს გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის მონაცემების მიწოდებაზე მაღაროს მუშაობისა და დაცვის შესახებ, რაც შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ “ვაგნერი” აკონტროლებს პოლიტიკურ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში.
2018 წელს გადამღები ჯგუფის წევრები, ორჰან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რუდჩენკო, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამოძიების ჩატარებას აპირებდნენ ამ ქვეყანაში “ვაგნერის” მოღვაწეობის შესახებ, უცნობმა პირებმა დახვრიტეს. ჟურნალისტების მკვლელობის გამოძიებას შედეგები არ გამოუღია.
2021 წელს სი-ენ-ენი (CNN) და დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Sentry იტყობინებოდნენ “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებთა მკვლელობების შესახებ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ნდასიმის მაღაროში ოქროს მოპოვების გამო მათი სახლებიდან გამოსახლების წინააღმდეგ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში “ვაგნერელების” სისასტიკეებზე ფრანგული RFI-ი წერდა 2021 წელს.
“ვაგნერი” -არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომლის მებრძოლები მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. დაჯგუფების მებრძოლები ეჭვმიტანილი არიან მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულში.
აშშ-ს საფინანსო დეპარტამენტი “ვაგნერს” საერთაშორისო დამნაშავეობრივ ორგანიზაციად აღიარებს და მომავალ კვირას მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ 20 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა. “ვაგნერი” და მისი სავარაუდო დამფუძნებელი, პრიგოჟინი უკვე შეტანილი არიან აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაში.
2022 წლის დეკემბერში, ამერიკელმა სენატორებმა მოამზადეს და შეიტანეს კანონპროექტი “ვაგნერის” ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ.