ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქვეყანას ურჩია, საჭიროების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების განაცხადი მარტომ შეიტანოს.
პეკა ჰაავისტომ ეს განაცხადა ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მიმართ ნატოს წევრი თურქეთის პოზიციის გამო.
ჰაავისტოს თქმით, ორივე ქვეყნის პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ შვედეთში ახლახან მომხდარმა მოვლენებმა შეიძლება დიდი ხნით შეაფერხოს მისი სამხედრო კავშირში შესვლა.
სტოკჰოლმში მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ ყურანის დაწვის და პროქურთული აქტივისტების საპროტესტო აქციების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც შვედეთს მოთხოვნებს უყენებს ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემის სანაცვლოდ, კიდევ უფრო განამტკიცა თავისი თავშეკავება. „მათ, ვინც ჩვენი საელჩოს წინ ამგვარი ღვთისგმობა დაუშვა, არ უნდა ჰქონდეთ ნატოში გაწევრიანებისთვის ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, – თქვა ერდოანმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა დაგმო მემარჯვენე ექსტრემისტების აქცია როგორც „ისლამის მიმართ მტრული პროვოკაცია“, მაგრამ, რადგან შეხვედრა შვედეთის ხელისუფლებამ დაუშვა, თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის სტუმრობა.
ფინეთმა და შვედეთმა უარყვეს თავიანთი მრავალწლიანი ნეიტრალიტეტი და გადაწყვიტეს ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭიროა მისი ყველა წევრის თანხმობა. ანკარა თავს იკავებს და შვედეთისგან გარკვეული პირობების შესრულებას, მათ შორის, ძებნილის პირების გადაცემას ითხოვს. ნატოში შვედეთის შესვლას არ ემხრობა ალიანსის სხვა წევრიც – უნგრეთი.