რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებით იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, ადმინისტრაციამ ნახევარი წლის განმავლობაში მე-11-ედ გაგზავნა სადამსჯელო იზოლატორში.
ამის საბაბი გახდა ის, რომ მან კოლონიის თანამშრომელს არასწორად წარუდგინა თავი. როგორც ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში იტყობინება, ამის შესახებ ნავალნიმ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიდეოკავშირის მეშვეობით მონაწილეობდა.
სადამსჯელო იზოლატორი გამოირჩევა განსაკუთრებით მკაცრი პირობებით. ოპოზიციონერის თქმით, მის კოლონიაში ესაა 2×3 მეტრის ფართობის საკანი, რომელშიც ის იძულებულია, რკინის ტაბურეტზე იჯდეს. იანვარში ნავალნის მომხრეებმა საკნის ასლი დადგეს ბერლინში რუსეთის საელჩოს შენობის წინ.
კოლონიის ადმინისტრაციამ ნავალნი გამოუსწორებელ დამრღვევად შერაცხა. ის წარუმატებლად ეცადა სასამართლოებში გაესაჩივრებინა სადამსჯელო იზოლატორებში მისი გაგზავნა. ნავალნი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ მას პოლიტიკური მოტივებით დევნიან.