საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ქართულ-პოლონური საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებული იყო. “კრწანისის” სასროლეთზე სადემონსტრაციო ფრენას საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.
“საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს… სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს”, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი – “სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით”.
“WARMATE-ი (“კამიკაძე”) საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ”, – წერია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია შპს „დელტა-ვებე“ ამ დრონების საწარმოებლად შეიქმნა საქართველოში შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. დელტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი კომპანიაა, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.