9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის გავრცელების დამგეგმავად ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„დიახაც, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, მეტიც ახლა ვფიქრობ, რასაც ვერ ვფიქრობდი არჩევნების დასაწყისში, – განაცხადა მელიამ „TV პირველის” ეთერში და დაამატა, – ალბათ ამ ბატონს [მერაბიშვილს] ეგულებოდა ჩანაწერი და ჰქონდა იმედი: „რა კანდიდატითაც მე მელიას არ უნდა დავუპირისპირდე, თუნდაც მართალი იყოს, თუნდაც არა, მე იქ რაღაც ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას…” ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს”.
9 იანვრის სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ისმის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხმა – ის, სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამის შთაბეჭდილებას ქმნის აუდიოჩანაწერის შინაარსი.
“ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.
პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.
ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.