„ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ: მათი ბლოკი მთლიანად ჩათრეულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება იზრდება,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე საუბრისას. BBC-ის თანახმად, ზახაროვამ თქვა, რომ საგარეო საქმეა სამინისტრო არ აპირებს უკრაინისთვის ამერიკული და გერმანული ტანკების გადაცემის კომენტირებას სამხედრო ეფექტიანობის თვალსაზრისით, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უფრო მეტად ამ ნაბიჯის „ეფექტურობით“ არიან დაინტერესებული.
ზახაროვამ ასევე მიმართა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და მას მიმართა შეკითხვით: „ნუთუ მართლა მიგაჩნიათ, რომ ამ კონფლიქტში მხარე არ ხართ?“
ზახაროვას თქმით, დასავლეთის ჯავშანტექნიკა, რომელიც უკრაინას გადაეცემა, საიერიშო იარაღია, რომლის გამოყენებასაც უკრაინა აპირებს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის, გასათავისუფლებლად. „ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. იყო და იქნება,“ განაცხადა ზახაროვამ. მან ასევე თქვა, რომ „არავითარ უკრაინის დაცვაზე“ არ არის ლაპარაკი, დასავლეთი უბრალოდ რუსეთისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებას ცდილობს.