პარტია “ლელოს” ლიდერები და “თიბისი ბანკის” დამფუძნებელები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აპირებენ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უზენაეს სასამართლოში. ამის შესახებ ხაზარაძემ განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში უთხრა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში.
“აუცილებლად გავასაჩივრებთ, ეს არის გრძელი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ უზენაეს სასამართლოში დაგვხვდება შალვა თადუმაძე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო საქმე ჩვენ წინააღმდეგ და ახლა მივდივართ როგორც მოსამართლესთან. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საკითხი ფულის გათეთრებაზე, რომელსაც პროკურატურა მათ ედავებოდათ, არ არსებობს და ეს დაადასტურა სასამართლო განაჩენებმაც, რომლითაც კვალიფიკაცია შეიცვალა.
“ის, რომ მე თქვენ წინაშე ვდგავარ, ოთხი წელია მიმდინარეობს სასამართლო და მე საპყრობილეში არ ვარ, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე – “ფულის გათეთრება” არ არსებობს. ერთადერთი ბრალდება იყო ეს, რომელიც არ დადასტურდა პირველ და მეორე ინსტანციაში…” – თქვა მან.
დღეს 2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტია “ლელოს” ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საქალაქო ინსტანციის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სრულად უცვლელი დატოვა. კოლეგიამ არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
იმის გამო, რომ საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო, პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.