„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, საქართველოში 63 რაიონია და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში“.
„მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 – ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!
ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარტიამ ბოლო 1 წელი უმოქმედოდ გაატარა.
„თუ რამე იყო დასაცინი და ივანიშვილისთვის საჩუქარი – უმოქმედო ოპოზიციაა!!! ახლა აირჩიეთ როგორი ოპოზიცია გსურთ ნაცვლად მოთქმისა… არჩევნები იმის არის, რომ დაინახოთ ყველანაირი სხვაობა და ისე გააკეთოთ არჩევანი. წინ დიდი ბრძოლა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმთან და შიდა არჩევნებში უნდა გამოიწრთოს ლიდერი.“
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.
13 იანვარს პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ამომრჩეველთა ვინაობას სპეციალური კომისია ამოწმებს.