Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • „ლავროვი დაგვცინის“ – რა რეაქციები მოჰყვა ქებას რუსეთიდან
  • პოლიტიკა

„ლავროვი დაგვცინის“ – რა რეაქციები მოჰყვა ქებას რუსეთიდან

NewsGeorgia January 19, 2023
„ლავროვი დაგვცინის“ – რა რეაქციები მოჰყვა ქებას რუსეთიდან



„ქართული ოცნება“ იმეორებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა, რისკენაც სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიანიშა, როდესაც პრორუსული “ალტინფოს ” კითხვას ვრცლად უპასუხა და საქართველოს ხელისუფლების “ვაჟკაცობა” შეაქო.

“ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“- თქვა ლავროვმა.

  • რას ნიშნავს ლავროვის ქება და რა რეაქციები მოჰყვა რუსი მინისტრის პირდაპირ ნათქვამსა თუ მინიშნებებს?

„ლავროვი დაგვცინის“, – ეუბნება პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში (2014-2018), თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების შინაარსზე მსჯელობისას. ლავროვის სიტყვები მისთვის აშკარა დემონსტრირებაა, რომ „რუსეთი საქართველოს არა ქვეყნად, არამედ მხოლოდ ტერიტორიად მიიჩნევს“.

„როცა ქვეყანა ოკუპირებული გაქვს, ყოველდღიურად იტაცებ მიწებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებას აქებ, ეს ჩვეულებრივი დაცინვაა – ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ყველაფრის. ეს არის დამოკიდებულება მსახურის მიმართ, რომელსაც შეგიძლია ხან თავში წამოარტყა, ხან გაჯოხო, ვან კიდევ – თავზე ხელი გადაუსვა და შეაქო“, – ამბობს თენგიზ ფხალაძე და ამატებს, რომ „ლავროვი ასევე დასცინის საქართველოს ეკლესიასაც“:

„გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, როდესაც ავტოკეფალია გააუქმა, რუსეთი ყოველთვის აბუჩად იგდებდა საქართველოს ეკლესიას. ვხედავთ, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში; რუსეთის პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს და ასე შემდეგ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს „ქართველ ხალხთან არავითარი პრობლემა არ აქვს“ და ასევე უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც, ლავროვის სიტყვებით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

ლავროვმა კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთის დახმარებით იზრდება. „გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია“, – აღნიშნა მან და იმედიც გამოთქვა, რომ „მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, ლავროვი მთლიანად ნატოს აბრალებს.

18 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „„იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სერგეი ლავროვის განცხადებისა და ოპონენტების მწვავე რეაქციების შეფასება სთხოვეს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა და რეალობა არის ერთადერთი, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს, იქნება ეს დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ამავე პასუხში პარალელები მოლდოვასთან გაავლო, – „მოლდოვა არის დე-სე-თე-ს წევრი ქვეყანა და მათი სიფრთხილე დასაშვებია, საქართველოს შემთხვევაში კი არც სიფრთხილე შეიძლება და არაფერი არ არის დასაშვები საქართველოსთვის. ასეთ პირობებში ცალსახაა ორმაგი სტანდარტი“.

რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ასეთ პერსპექტივას კობახიძე მისასალმებელს უწოდებს და ამბობს, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან და პირიქით თვითმფრინავით მგზავრობა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც, ლავროვის განცხადებებზე საუბრისას, პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაში ადანაშაულებს, წერს ასევე, რომ ოპოზიციას „რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!“;

ამ შინაარსის კომენტარები სხვა დროსაც გაკეთებულა. მაგალითად, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დეკემბერში ასევე ხალხის ინტერესებით ახსნა ის ფაქტი, რომ ფრენების აღდგენაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს.

2022 წლის 7 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა რუსულ-ქართული ურთიერთობების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის – “პრიმაკოვის ფონდის” ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ფორუმზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენისა და რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. ლორთქიფანიძე „ალტ-ინფოს“ ხშირი სტუმარია და ძირითადად რუსეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

„სანქციების შედეგად, რუსეთის თვითმფრინავებს, საავიაციო პარკს დასავლური კომპანიები აღარ ემსახურებიან. ამიტომ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებით ფრენა არის სახიფათო. არავის ვურჩევდი რუსული კომპანიების გამოყენებას ფრენებისთვის. თუ ფრენები აღდგება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ქართული ავიაკომპანიების მომსახურებით. არ ვიცი, რა გამბედაობის უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს აიღოს ბილეთი და რუსულ თვითმფრინავში ჩაჯდეს“, – ჩეჩელაშვილი, ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა არა ავიამიმოსვლის აღდგენაზე ფიქრი, არამედ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ სრულად ჩაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში კი, რუსეთისთვის საავიაციო ნაწილების მიყიდვა აიკრძალა, რის შედეგადაც ასობით რუსული ავიაკომპანია ლეგალური სერვისისა და სათადარიგო ნაწილების გარეშე დარჩა. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, თავიანთი ავიაპარკის ნაწილი დაშალონ სათადარიგო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

ვალერი ჩეჩელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტისა თუ ცალკეული ქვეყნების მიერ რუსეთი აღიარებულია „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ და ამ ფონზე, არ გამორიცხავს, რომ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა დასავლელი პარტნიორების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორად ჩაითვალოს.

„ევროკავშირი აუცილებლად გაამკაცრებს საკუთარ კრიტერიუმებს წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ეს, ბელგრადში ვიზიტის დროს, პირდაპირ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მან თქვა, რომ სერბეთს, როგორც კანდიდატ ქვეყანას მოუწევს არჩევნის გაკეთება – იქნება ის დასავლური სანქციების პოლიტიკის ნაწილი რუსეთთან წინააღმდეგ, თუ აირჩევს რუსეთის მხარეს.

იგივე მოთხოვნა გააჟღერა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების [წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები] სამიტზე. მან თქვა, რომ ელოდებიან მკაფიო პოზიციონირებას რუსეთთან მიმართებაში. ევროკავშირი ცნობილია თავისი თანმიმდევრულობით და გამორიცხულია, რომ ერთი რომელიმე კანდიდატის მიმართ ამოქმედდეს ეს პრინციპი და საქართველოს მიმართ – არა“, – გვეუბნება ჩეჩელაშვილი და დასძენს, რომ ლავროვის განცხადებების შინაარსი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ლავროვის განცხადებებზე არანაკლებ პრობლემურია საქართველოს ხელისუფლების რეაქციები თუ მნიშვნელოვანი საკითხების ურეაქციოდ დატოვება.

„[საქართველო] დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის“ – ლავროვის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა თენგიზ ფხალაძისთვის „სულ მცირე საეჭვოდ ემთხვევა“ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი თანამოაზრეების რიტორიკას დასავლეთის „გარკვეული ძალების“ მხრიდან ზეწოლისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის, საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ.

„გარკვეული ძალების მიერ“ „მეორე ფრონტის“ გახსნის ჩანაფიქრზე თავდაპირველად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა, ხოლო შემდეგ თემა კიდევ უფრო განავრცო ამ პარტიიდან ანტიდასავლური შინაარსის „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა „ხალხის ძალამ“. თანდათან გაფართოებული ეს ჯგუფი პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქმნის უმრავლესობას. ორივე მხარე აცხადებს, რომ ძირითად საკითხებში თანამოაზრეები არიან და განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მმართველი პარტია სიმართლის თქმაში შეზღუდულია.

18 იანვარს, იმავე „იმედი LIVE“-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ „გლობალურ ომის პარტიას“ სურს. „ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ვამბობთ ჩვენ ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ უბრალოდ ბოლომდე გვიჭირს კარტების გახსნა“, – თქვა კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ რიტორიკა თანდათან სულ უფრო მკაფიოდ პრობლემური და დამაფიქრებელი ხდება ექსპერტებისთვის. 17 იანვარს, ყურადღება მიიპყრო “პალიტრანიუსის” ეთერში, ამ ჯგუფის წარმომადგენლის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ “ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი“ და „თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება”. ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება შესაძლებელია ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალოს, რადგან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიზანი კონსტიტუციაშია ასახული.

Tags: პოლიტიკა

Continue Reading

Previous: ყირგიზეთში პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზული ენის გამოყენებას სავალდებულოს ხდის
Next: ბაიდენის რეიტინგი 40%-ია – Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა

კავშირშია

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით
  • პოლიტიკა

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით

„რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში „რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში
  • პოლიტიკა

„რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში

საინტერესო

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ
  • ახალი ამბები

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.