ამ ხნის განმავლობაში სტეფანაკერტშიც და ერევანშიც იმედოვნებენ, რომ რუსეთთან მუშაობით მიაღწევენ დერეფნის გახსნას.
მოსკოვი არ ჩქარობს ამ კრიზისის თაობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ხოლო რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) აცხადებენ, რომ ისინი არ აგებენ პასუხს ლაჩინის ხეობაში შექმნილი ვითარების მოგვარებაზე.
პარალელურად სომხეთში ძლიერდება ეჭვი, რომ ლაჩინის ბლოკირებით და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისით, შესაძლოა, ბაქოსთან ერთად მოსკოვიც იყოს დაინტერესებული.
20 დეკემბერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას გაუგზავნა მიმართვა, რომ გამოიყენონ ყველა შესაბამის ინსტრუმენტი ყარაბაღის განბლოკვისთვის.
ეკოლოგია როგორც პოლიტიკის ნაწილი
მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფნის შუშა-კარინ ტაკის (აზერბაიჯანულად დაშალთის) მონაკვეთი 12 დეკემბრის შუადღიდან არის ბლოკირებული მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულმა აზერბაიჯანელმა გარემოს დამცველმა ქალაქ შუშასთან გზაზე აქცია გამართა.
ისინი აპროტესტებდნენ იმას, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უწოდებს ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და მის სომხეთში გატანას.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ლაპარაკია დემირლისა და გიზილბულაგის საბადოებზე, სადაც ოქროს, სპილენძსა და სხვა ძვირფას ლითონებს მოიპოვებენ.
სომხეთში კი დარწმუნებული არიან, რომ “ეკოლოგების აქცია” აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არის მართული.
„რა თქმა უნდა, რომ აქ არის წმინდა წყლის პოლიტიკა. ეკოლოგია მხოლოდ გარსია, შირმაა“, – ამბობს რუბენ მეჰრაბიანი, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი.
მეჰმან ალიევის, ახალი ამბების სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორის თქმითაც, „რაც შეეხება ეკოლოგიას, ესეც პროცესის შემადგენელი ნაწილია, სომხები ამუშავებენ საბადოებს, ეს საბადოები ეკუთვნის აზერბაიჯანს. პროტესტის შედეგად ეს მოპოვებითი სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია. ლაპარაკია ოქროზე, სპილენძსა და სხვა ძვირფას მეტალებზე. სომხეთი წლების განმავლობაში თანდათანობით აფართოებს ოქროს მოპოვებას. მათ დაიწყეს 2000 ათასი ტონა წიაღისეულის გადამუშავებით და ბოლო წელს ეს მაჩვენებელი 800 ათას ტონამდე აიყვანეს. რაც დაახლოებით 1000 ტონა ოქროს უტოლდება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი ადგება ეკოლოგიას. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც პოლიტიკურია. და სომხები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ აქ პოლიტიკური პრობლემააო მთავარი. მაგრამ პრობლემას ქმნის სომხეთის პოზიცია. რაკი ერევანს არ სურს სტატუსის შესახებ მოლაპარაკება და შეთანხმება, მაშინ ვერც აზერბაიჯანი ვერ მისცემს მას თავის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის დამუშავების უფლებას“.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთს არ სურს 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღში 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ცდილობს, რომ არ დაუშვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენელ ნაწილად ცნობა.
„ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანი თანდათანობით მიმართავს სხვადასხვა ქმედებას, რათა ბოლოს და ბოლოს დაიყოლიოს სომხეთი, გადმოდგას კონსტრუქციული ნაბიჯები და წამოვიდეს დიალოგზე“, – ამბობს ალიევი.
მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ ლაჩინის დერეფანი კვლავ ბლოკირებულია მიუხედავად აზერბაიჯანის მტკიცებისა, რომ გზაზე მოძრაობა აღდგა.
სომხური მხარის ცნობით, 1 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ასეული ბავშვი, ვერ ბრუნდება სახლში, მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ სომხები აკონტროლებენ.
20 დეკემბერს სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტში გაიმართა ოპერატიული შტაბის სხდომა, რომელზეც ითქვა, რომ რეგიონში არ არსებობს პურის ფქვილისა და სურსათის პრობლემა. სამაგიეროდ ილევა საწვავის მარაგი, რის გამოც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, რუბენ ვარდანიანმა, დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ბენზინზე მომუშავე მანქანების ექსპლუატაცია და უპირატესობა გაზზე მომუშავე ავტომობილებს მიანიჭონ.
„აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“
„12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა გადაკეტა სომხეთთან და გარე სამყაროსთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რათა ხელოვნურად გამოიწვიონ ჰუმანიტარული კრიზისი მისი 120-ათასკაციანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია საერთაშორისო საზოგადოებისადმი სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში, რომელსაც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ეყრდნობა.
თავის მხრივ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის მიმართვის საფუძველზე ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.
მსგავსი მიმართვა სომხეთს არ გაუკეთებია რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელზე.
„ასეთი მომართვა არ ყოფილა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს [საკითხი] ОДКБ-ს პასუხისმგებლობის მიღმა დგას“, – განაცხადა ამ სამხედრო ბლოკის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა.
დეკემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მთიანი ყარაბაღის სტატუსის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ გაეროს წესდების და ალმა-ათის დეკლარაციით საკითხი გადაწყვეტილია. „დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) შექმნის შესახებ ალმა-ათის დეკლარაციაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ახალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები ეფუძნება ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს. იმ დროს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი ერთმნიშვნელოვნად აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი იყო“, – განაცხადა 1 დეკემბერს სერგეი ლავროვმა.
ამ განცხადების შემდეგ სომხეთში არათუ რუსეთის იმედი აღარ აქვთ, არამედ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ლაჩინის ხეობის გარშემო განვითარებულ ამჟამინდელ კრიზისში ბაქოს და მოსკოვის ინტერესები შესაძლოა ერთმანეთს ემთხვეოდეს.
„აზერბაიჯანის პოლიტიკა მიზნად ისახავს აუტანელი ვითარების შექმნას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რათა მათ დატოვონ ანკლავი. რუსეთი კი მიზნად ისახავს, რომ აიძულოს სომხეთი, შეასრულოს მოსკოვის ყველა სურვილი: დაუთმოს აზერბაიჯანს ლაჩინი, გაწევრიანდეს რუსეთთან ერთად საკავშირო სახელმწიფოში და გააფართოოს რუსეთის ჯარების სტატუსი სომხეთის ტერიტორიაზე. და ამ თვალსაზრისით, ანუ სომხეთზე ზეწოლის თვალსაზრისით, აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, – ამბობს რუბენ მეჰრაბიანი.
2020 წლის ნოემბერში ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ქალაქ ლაჩინის გვერდის ავლით გამავალი გზის ახალი მარშრუტის შესახებ შეთანხმდნენ. მისი კონტროლი დაეკისრათ სამშვიდობო მანდატით აღჭურვილ რუს სამხედროებს, რომლებიც რეგიონში 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ ხუთი წლის ვადით.
სამმხრივი შეთანხმებით აზერბაიჯანმა იკისრა შემოვლითი გზის ნაწილის 32 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის გაყვანა, რაც 2022 წლის ბოლომდე უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. ბაქო აცხადებს, რომ ლაჩინი-შუშა-სტეფანაკერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უკვე დასრულდა.
2022 წლის 12 აგვისტოს სტარტი აიღო ლაჩინის დერეფნის ალტერნატიული გზის გორისი-სტეფანაკერტის 5-კილომეტრიანი სომხეთის მონაკვეთის მშენებლობამ, რომელიც, მთიანი ყარაბაღის თანახმად, აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
26 აგვისტოს, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, ქალაქში, რომელიც 1992 წლიდან ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა.
მანამდე ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აღავნოსა და სუსის მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოდან ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებოდნენ და თვის ბოლომდე სახლები უნდა დაეტოვებინათ.