კრემლი აცხადებს, რომ ტანკები, რომელთა უკრაინაში გაგზავნასაც ბრიტანეთი აპირებს, დასაწვავადაა განწირული. მოსკოვი დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის უფრო დახვეწილი და მნიშვნელოვანი იარაღის გაგზავნა, ომის შედეგს არ შეცვლის.
24 თებერვლის შემდეგ შეერთებული შტატები და მისი სხვა პარტნიორები უკრაინას ფინანსურად და სამხედრო კუთხით ეხმარებიან და აწვდიან იარაღს, რომელიც კიევს რუსეთის აგრესიასთან გამკალვებაში და საკუთარი ტერიტორიების დაცვაში ეხმარება, მათ შორისაა სარაკეტო სისტემები, დრონები, ჯავშანტექნიკა, საკომუნიკაციო სისტემები.
შაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის საარტილერიო მხარდაჭერის სისტემებთან ერთად, უკრაინას უახლოეს კვირებში “ჩელენჯერ 2” ტიპის 14 საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.
“ისინი ამ ქვეყანას [უკრაინას] რუსეთის საწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად იყენებენ. ეს ტანკები იწვება და კვლავაც დაიწვება, როგორც სხვა დანარჩენი”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიტანული ტანკების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.
პესკოვის თქმით, ბრიტანეთის, პოლონეთის თუ სხვა ქვეყნებისგან მიწოდებული ახალი იარაღი არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე და ეს მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ კონფლიქტი გაიწელოს. ეს კი მისი განმარტებით, საბოლოოდ უკრაინას “მეტ პრობლემებს” მოუტანს.
კვირას გამოქვეყნებულ სატელევიზიო ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დადებით შედეგებს აჩვენებს და რომ იმედოვნებს, მისი ჯარისკაცები კიდევ უფრო მეტის მიღწევას შეძლებენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინულ ქალაქ სოლედარზე კონტროლი მოიპოვა. თუმცა უკრაინული მხარე ამ ცნობებს უარყოფს. ადგილზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გამო ფაქტების გადამოწმება ჟურნალისტებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
ვლადიმირ სოლოვიოვი პროსამთავრობო არხ “რასია 1”-ის სატელევიზიო წამყვანი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მაღალგანვითარებულ იარაღს აწვდიან, უნდა ჩაითვალონ რუსეთისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებად.
“დე-ფაქტო, ბრიტანეთი ომში ჩაერთო. მე ბრიტანეთს ახლა ჩვენთვის ლეგიტიმურ სამიზნედ მივიჩნევ”, – თქვა სოლოვიოვმა კვირას საღამოს, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაცემულ ტოქშოუში. მის კომენტარებს მოჰყვა პარლამენტარ ანდრეი გურულიევის კომენტარებიც იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოცდა უნდა განაგრძოს, რათა მსოფლიოს მისი ეშინოდეს.
კიდევ ერთი ტიპის იარაღი, რომლის უკრაინისთვის გადაცემაზეც მოლაპარაკებები უფრო და უფრო აქტიურდება, “ლეოპარდი 2” -ის ტიპის საბრძოლო ტანკებია. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ეს ტანკები აქვს, მათი უკრაინისთვის გადასაცემად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ბერლინი ამ ეტაპზე ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს.