„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გამოეხმაურა CNN-ის ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაიენის ინტერვიუს. კობახიძის თქმით, საქართველოს შესახებ CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, რომ სერიოზული ძალა არის დაინტერესებული, საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის” გახსნით.
„ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ. CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ „ფეიკ”-სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები.
ეს ხომ CNN-ია და არა „TV პირველი“ ან „მთავარი არხი“ – „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე. ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.
CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ევროკომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.
13 იანვარს გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის.