თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტია “ლელოს” ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საქალაქო ინსტანციის 12 იანვრის გადაწყვეტილება სრულად უცვლელი დატოვა. კოლეგიამ არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 26 იანვარს გამოაცხადა.
2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
ამავე მოტივით, მოსამართლემ სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა ევროპარლამენტის ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება – “ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის” (ALDE). მათ მკაცრად დაგმეს პოლიტიკური დევნა „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.
2022 წლის 8 ნოემბერს, ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც “ლელო საქართველოსთვის” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის წასართმევად, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო გამოვლინებაა”, – წერია ALDE-ს რეზოლუციაში.
„ფულის გათეთრების“ საქმის შესახებ
TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 10 წლის წინ [2008 წლის აპრილ-მაისში] მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა – სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი დაფუძნების იდეის შესახებ – “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოძიება სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავებოდა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა. ის ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა.
ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით” TBC-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე – პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გადარიცხვები და “ფიქტიური სესხი” საქმის ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნის გამოიყენეს. ბრალდებულები, სესხის გაცემის და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ თიბისი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად დასჭირდათ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც “ფულის გათეთრება” დაერქმევა “თეთრი ფულის” დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.
“ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ მან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი] მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის შემცველი წერილი მიიღო, სადაც საუბარი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ხაზარაძემ ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ეს ფაქტი მან 2022 წლის 11 იანვარს, დასკვნით სასამართლო სხდომაზე საბრალდებო სიტყვაშიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ გასულ წელს ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის “დალაგების და დასრულების” შემოთავაზებით.
ამ საქმეზე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.