
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური მოხსენების თანახმად, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი რეზერვების დიდი ნაწილის კონცენტრირება ბახმუტის მიმართულებით მოახდინეს და ამით შეანელეს უკრაინული კონტრშეტევები.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ-ერთ ფლანგზე 500 მეტრით, მეორე ფლანგზე კი 1000 მეტრით წაიწიეს წინ, – ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთანავე, როგორც ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რუსი ბლოგერები წერენ, რომ უკრაინული ძალები ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ ხანგრძლივი კონტრშეტევები ბახმუტის გარშემო. თუმცა, ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბახმუტის მიმდებარე ფლანგებზე, რუსული ძალების შეტევები, დიდი ალბათობით, სუსტია.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინულმა კონტრშეტევებმა ბახმუტთან, სავარაუდოდ, აღმოფხვრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოუხდათ დამატებითი შეიარაღებული რესურსების გამოყოფა მათგან თავის დასაცავად.