საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა აბსურდული მოვლენაა, რომელიც ამავე დროს ტრაგედიაც არის.
„ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
20 იანვარს დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი, და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.