რუსული გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილმა მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიისგან – იუწყება უფლებადამცველი ფონდის, Gulagu.net-ის დამაარსებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი.
მისი თქმით, მედვედევმა რუსეთ-ნორვეგიის საზღვარი გადალახა მურმანსკის ოლქის სოფელ ნიკელის რაიონში – ორ ღობეზე გადაძვრა და შემდეგ, ძაღლების ყეფის და მესაზღვრეების მხრიდან სროლის ფონზე, ტბის გაყინული ზედაპირით გაიქცა. მედვედევმა მიაღწია საზღვართან მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და მოსახლეებს პოლიციის გამოძახება სთხოვა.
ყოფილი “ვაგნერელი” დაცვასთან ერთად ადგილობრივი აეროპორტიდან ჩაიყვანეს დედაქალაქ ოსლოში, სადაც დაასახლეს მიგრაციული კანონების დამრღვევთათვის განკუთვნილ ცენტრში. ოსეჩკინის თქმით, თავშესაფრის მიღების პროცედურა უკვე დაწყებულია. ნორვეგიაში მედვედევი გეგმავს ჩვენების მიცემას “ვაგნერის” დამაარსებლის, ევგენი პროგოჟინის წინააღმდეგ.
ოსეჩკინმა ასევე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელზეც, როგორც ამბობენ, მედვედევი ყვება თავისი გაქცევის გარემოებებზე. “უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველად ხდება, რომ ‘ვაგნერის’ ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაიქცა და მზადაა ჩვენება მისცეს” – წერს ოსეჩკინი.
ტომსკის ოლქის მოსახლე მედვედევმა “ვაგნერთან” კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა, ოთხი თვის ვადით. ის ლუგანსკის ოლქში მიავლინეს და ერთ-ერთი ქვედანაყოფი ჩააბარეს. მედვედევი ამბობს, რომ მონაწილეობდა ბრძოლებში ბახმუტის სიახლოვეს და იყო ყოფილი მსჯავრდებულის, ევგენი ნუჟინის მეთაური – რომელიც, როგორც ვარაუდობენ, “ვაგნერის” წევრებმა უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მოკლეს.